ეროვნული ბანკი დაკრედიტების პროცესის ხელშეწყობისთვის ახალი ინიციატივით გამოდის

საქართველოს ეროვნული ბანკი, COVID-19 - ის ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების საგანგებო გეგმის ფარგლებში, ეკონომიკის საფინანსო სერვისებით შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სებ-იდან აცმობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორისთვის ლარის რესურსის მიწოდებას ქმედითი მონეტარული ინსტრუმენტების საშუალებით უზრუნველყოფს.

„ამ ეტაპისათვის, საფინანსო სისტემას ლიკვიდობის ჭარბი რესურსი და სათანადო ბუფერები აქვს. თუმცა, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და საჭიროა შესაბამისი რესურსის მიწოდება რათა დაკრედიტება შეუფერხებლად და ლიკვიდურობის შემცირებული რისკის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით გაგრძელდეს. საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორისთვის ლარის რესურსის მიწოდებას ქმედითი მონეტარული ინსტრუმენტების საშუალებით უზრუნველყოფს. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, უცხოურ ვალდებულებებზე სარეზერვო მოთხოვნები ლიკვიდობის მიწოდების დამატებით ბუფერს წარმოადგენს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ახალი ინსტრუმენტები, რაც კომერციულ ბანკს საშუალებას აძლევს უცხოური ვალუტის უზრუნველყოფის საშუალებით მყისიერად, დაბალი დანახარჯებით და დამატებითი რისკების აღების გარეშე მიიღოს ლარის რესურსი. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ლიკვიდობის მიწოდების ხელშემწყობი სხვა ინსტრუმენტების ამოქმედებაზე.

დამატებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების თანახმად, 2020 წლის 1 - ლი მაისიდან, ერთი წლის განმავლობაში, ბანკებს შეუძლიათ ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ და ჯამური ლიკვიდობის მოთხოვნა (ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი - LCR) მათი საშუალებით დაიცვან. საჭიროების შემთხვევაში, ბანკები ლარის რესურსს სვოპ ოპერაციების გამოყენებით მიიღებენ.

აღნიშნული ღონისძიებების საშუალებით ლარის ლიკვიდობის მართვა ბანკებისთვის უფრო მოქნილი და ეფექტური ხდება. ხოლო ლიკვიდობის შემცირებული რისკის შედეგად, ეს ცვლილებები ლარის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა