რას ცვლის თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში - ინტერვიუ მაია ბითაძესთან

კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თბილისის მერიის მიერ დაანონსებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი შეფერხდა და პროექტების დასრულების ვადებმა გადაიწია. თუმცა, მერიაში აცხადებენ, რომ ყველა პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

რა ვადებში დასრულდება ჭავჭავაძის გამზირისა და ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია, რა იცვლება აღნიშნულ მონაკვეთებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, როდის და რამდენი ავტობუსის შესყიდვას აპირებს თბილისის მერია და ჯდება თუ არა მუნიციპალიტეტი გაცხადებულ ვადებში, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ესაუბრა.

- კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თბილისის მერიის მიერ დაწყებული პროექტების ვადებმა გადაიწია. მათ შორის, ჭავჭავძისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესის ვადამაც. რას გეგმავს მერია ამ ქუჩებთან მიმართებაში და როდის აღდგება იქ სატრანსპორტო მოძრაობა?

- ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ზედა ფენის ასფალტის დაგება ამ კვირის ბოლოს დაიწყება. მერე იქნება კოსმეტიკური სამუშაოები, ავტობუსების გაჩერებების დაყენება, განათების ბოძების მონტაჟის დასრულება და დახაზვითი სამუშაოები. ვფიქრობთ, სამუშაოები მთლიანად ზაფხულში დასრულდება, მათ შორის გამწვანებებით.

- აღნიშნულ ქუჩებზე სატრანსპორტო სქემაც იცვლება. რას ითვალისწინებს ცვლილება?

- დიახ, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ავტობუსების „ბას ლაინები“ არის კუთხეებში, მაგრამ სატრანსპორტო სქემა შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიცვალა ავტობუსების გაჩერებების ადგილები. ავტობუსებს ექნებათ თავისი გადასაადგილებელი სპეციალური ხაზი ორივე მიმართულებაზე, რაც დაახლოებით, 6 კმ-ია. ავტობუსების დიდი გაჩერებები გვექნება დაახლოებით 15, ისეთივე, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე იქნება, რადგან ამ დერეფანშიც დიდმა, 12 და 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იარონ. სიახლე არის ის, რომ ავტობუსების გაჩერებები დაემთხვევა ამ ქუჩებს შორის კავშირებს. ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების ძირითადი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ ადამიანები ზემოდან გადადიოდნენ ასინქრონულად. როდესაც ვამბობთ, რომ იქნება 15 გაჩერება, ე.ი. იქნება 15 შუქნიშნის კვანძი, რაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებას გაუადვილებს. ასევე, ხიზანიშვილი-ვეკუაზე გვექნება 5,5 კმ-იანი ველობილიკი, რომელიც შემდგომ შეუერთდება ველოსიპედების სხვა ქსელს. სამუშაოების დასრულების შემდგომ ჩვენ გვექნება 6 კმ-მდე მოწესრიგებული მონაკვეთი, სადაც „ბას ლაინებისთვის“ და ველობილიკებისთვის იქნება შესაბამისი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ამ ქუჩებზე ტროტუარები გაგანიერდა; გარკვეულ ტერიტორიებზე მოგვიწია უკანონო მშენებლობების დემონტაჟი და ტროტუარებმა მიიღო ის ფორმა, სადაც ადამიანები ძალიან მშვიდად და კომფორტულად გადაადგილდებიან.

- არსებული სქემით ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა იყო ცალმხრივი, რჩება თუ არა ეს სქემა ისევ?

- მსუბუქი ავტომობილებისთვის ორივე ქუჩა ცალმხრივი რჩება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე ქუჩაზე ორმხრივად ივლის, ანუ ჯამში 4 „ბას ლაინი“ გვექნება. ამასთან, იმისთვის, რომ გაადვილდეს მეტროსთან კავშირი, ორივე ქუჩისთვის ავტობუსის ზოლები იქნება ისე, რომ ადამიანს მოუწის ერთი ქუჩით ნაკლების გავლა. მგზავრს არ მოუწევს შეფერხება ქუჩაზე გადასვლისას, რადგან ავტობუსის გაჩერებებთან მოწყობილი შუქნიშნები სინქრონულად იმოქმედებენ.

- რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობას. აზრთა სხვადასხვაობა ქუჩის შუაში ავტობუსების ზოლის და გაჩერებების მოწყობამ კვლავ გამოიწვია. კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რატომ მიიღო მერიამ ეს გადაწყვეტილება? კიდევ რომელ ქუჩებზე იქნება ავტობუსებისთვის „ბას ლაინი“ შუაში?

- მელიქიშვილის გამზირზეც იქნება ავტობუსის ზოლი შუაში, მაგრამ არა ახლა. როდესაც გამზირს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მხოლოდ მას შემდეგ. ზოლი შუაში მელიქიშვილზე მხოლოდ ფილარმონიამდე იქნება, თუმცა, მას შემდეგ, რაც აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. მანამდე ავტობუსის ზოლი იქნება ქუჩის ორივე მხარეს. ავტობუსები კი, ჭავჭავაძე-მელიქიშვილის მონაკვეთზე ვარაზისხევში გადაეწყობიან. მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურა დაასრულებს სამუშაოებს და მოეწყობა, ავტობუსების ზოლი იქაც შუაში იქნება. ფილარმონიის შემდეგ რუსთაველზე გრძელდება „ბას ლაინები“ ქუჩის ორივე მხარეს და არა შუაში.

ახალი სატრანსპორტო ქსელის მიხედვით, ამჟამად ჩვენ დაპროექტებული გვაქვს რამდენიმე ქუჩა. მათ შორის: კანდელაკი, კოსტავა-შარტავა, ჭავჭავაძე, ხიზანიშვილი-ვეკუა, მიმდინარეობს ქეთევან წამებულის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას, წერეთლის გამზირების დაპროექტება. უკვე დაპროექტებული და დასაპროექტებელი ქუჩებიდან ჯერჯერობით გამოვლენილი გვაქვს საჭიროება შუაში ავტობუსის გაჩერებების და შუაშივე ავტობუსების საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხოლოდ ჭავჭავაძეზე და მელიქიშვილზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ზედა და ქვედა ანუ მკვეთი ქუჩების რაოდენობა არის ძალიან ბევრი. მიუხედავად იმისა, რომ ჭავჭავაძეზე მარცხნივ ახვევები აკრძალული გვექნება, ჩამოსვლები მაინც რჩება. ასევე ქვედა მხარესაც, უნივერსიტეტისკენ ჩასახვევები არის ძალიან ბევრი. გათვლების მიხედვით, თუ ახლა გვაქვს საყიდელი 178 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, შუაში რომ ზოლი არ გაგვეკეთებინა, დაგვჭირდებოდა დაახლოებით, 30-40 ავტობუსით მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ 500 მილიონი ლარის ინვესტიციით მეტის ჩადება მოგვიწევდა, როგორც შესასყიდად, ასევე ავტობუსების შესანახად, საწვავის ხარჯის გათვალისწინებით. შუაში ზოლის განთავსებით, ავტობუსს შეფერხება არ ექნება მსუბუქი ავტომობილებისგან მკვეთ ქუჩებზე გადასვლისას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტობუსი 7 წუთში ერთხელ უნდა მივიდეს გაჩერებაზე და მას შეფერხება არ ექნება. თუ ზოლი გვერდებზე იქნებოდა, მეტი ავტობუსი დაგვჭირდებოდა, რათა ეს 7-წუთიანი ინტერვალი ყოფილიყო დაცული. როგორც იცით, „ბას ლაინებში“ უნდა იარონ 12 და 18-მეტრიანმა ავტობუსებმა. 12-მეტრიანი ავტობუსები ნაყიდი გვაქვს და კიდევ ჩამოგვდის 100 ცალი, ამის შემდეგ დაგვემატება 18-მეტრიანი ავტობუსები.

- რაც შეეხება ჭავჭავაძის მკვეთ ქუჩებზე მოძრაობას, იქ როგორი სქემით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

- იქ გვექნება „სითი ლაინები“, სადაც ივლიან მცირე ზომის ავტობუსები, 10 და 8-მეტრიანები და ასევე მიკროავტობუსები. ხოლო 10 ძირითად დერეფანში მხოლოდ 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები. ამ დერეფნებში ასევე გვექნება ველობილიკებიც. მანამ, ვიდრე არ გვექნება მთლიანი მარაგი ავტობუსების, 12 და 18-მეტრიანების 178 ცალი (100 12-მეტრიანი და 78 18- მეტრიანი), ამ გამზირებზე ჩვეულებრივ ივლიან მცირე ზომის ავტობუსები, როგორც დღეს დადიან ისე, მარაგის შევსების შემდეგ კი, ისინი გადავლენ „სითი ლაინებზე“.

- როდის გაიხსნება ჭავჭავაძის გამზირი?

-ჭავჭავაძის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. გადაიკეტა და ასფალტის ზედა ფენის გადაგებას იწყებენ. მერე დაიხაზება, განათების ბოძები, გამწვანებები მოეწყობა და ძალიან მალე გვექნება ჭავჭავაძის გამზირი გამართული. დაახლოებით, ერთ თვეში.

- დაანონსებული გქონდათ, რომ ახალ სატრანსპორტო სისტემაზე ქალაქი მთლიანად 2021 წლის ზაფხულში გადავიდოდა. ეტევით ამ ვადაში თუ შესაძლოა, ვადამ აქაც გადაიწიოს?

- ახალ სატრანსპორტო სისტემაზე ჩვენ უკვე ნელ-ნელა გადასულები ვართ. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ტრანსპორტის ყიდვის პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს. პარკირების ადგილებს ვზღუდავთ. ახალ სქემაზე გადასვლის პროცესში ერთი წელია ვართ. იმ დროიდან, როდესაც კოსტავა-შარტავას პროექტი დავიწყეთ. ეს ყველაფერი დასრულდება იმ ვადებში, რასაც ვამბობდით, მცირედი შეფერხებით ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით. ამ კორონავირუსის გამო, თუ ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ ტენდერს ვაცხადებდით და ავტობუსებს ვყიდულობდით, ვადებმა შესაძლოა, ცოტა გადაიწიოს. 2 თვეში გაირკვევა რა ბიუჯეტი დარჩა თბილისის მუნიციპალიტეტს. არც ერთ შემთხვევაში პროექტი არ შეწყდება. უბრალოდ, შესაძლოა, რამდენიმე თვით გადაიწიოს.

- დაანონსებული იყო ასევე, რომ 2020 წლის ბოლოს თბილისში არსებული ავტობუსების პარკი მთლიანად უნდა შეცვლილიყო. ეს ვადებიც გადაიწევს?

- 2020 წლის ბოლოს გვექნება ყველა ის ავტობუსი, რაც შესყიდული გვაქვს, როგორც 8, ასევე, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსები. 12 - მეტრიან ავტობუსებზე ახლა 100 ცალის შესასყიდად ტენდერი მიმდინარეობს. რაც შეეხება 18- მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას, რასაც ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის დახმარებით ვახორციელებთ, ამის შესყიდვის პროცედურაც წელსვე დაიწყება აუცილებლად. ასევე გავაკეთებთ ერთ ახალ ავტობაზას, სადაც ეს ავტობუსები განთავსდებიან.

- უნდა გკითხოთ მეტროს რეაბილიტაციის პროცესზეც. დაანონსებულია, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს უნდა დასრულდეს ძალოვანი კაბელებისა და ვენტილაციის სისტემის მონტაჟი. ესწრება თუ არა?

- აქ შეფერხება გვაქვს, რადგან უცხოელი ექსპერტები, რომლებსაც სავენტილაციო სისტემები უნდა შეემოწმებინათ, კორონავირუსის გამო შეჩერებული ფრენებიდან გამომდინარე, თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. დაექსპერტებული არ არის ეს ვენტილაციის სისტემები და სავარაუდოდ, ჩაბარების ვადა 2 თვით გადაიწევს. თუმცა, ვენტილაციის სისტემა მეტროს მუშაობის აღდგენას ხელს ვერ შეუშლის. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება ძალოვანი კაბელების მონტაჟს და ჩაბარებას, გაცხადებულ ვადებში დასრულდება.

- კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით კვლავ უცნობია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების ვადა. ასევე გაჟღერდა მოსაზრება, რომ ავტობუსებში გაკონტროლდება მგზავრთა შორის დისტანცია. როდის ამოქმედება ტრანსპორტი და როგორ გააკონტროლებთ მგზავრთა შორის დისტანციას?

- საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში გაშვებასთან დაკავშირებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას ველოდებით. როგორც კი იქნება ეს გადაწყვეტილება, იქვე იქნება რეკომენდაციებიც. მხოლოდ ამ პრევენციული ზომების ჩართვით მოხდება ყველა გადაწყვეტილების მიღება. ჩვენც არ გვაქვს ჯერ საბოლოო ინფორმაცია, როდის გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც მეტროს, ასევე ავტობუსების და საბაგიროების ამოქმედება.

- საზოგადოებაში მოლოდინია, რომ 22 მაისიდან, საგანგებო სიტუაციის დასრულების შემდეგ ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შესაძლოა ამ ვადამ გადაიწიოს? ან რომელი ტრანსპორტი შეიძლება გაიხსნას პირველად?

- არ ვიცი, ამას უნდა დაველოდოთ. გახსნის ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება და ბუნებრივია, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა სამსახურებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება მეტად დადგება და ამ პროცესს დააჩქარებს.

- როდესაც 10 სატრანსპორტო დერეფანზე ვისაუბრეთ, არ გითქვამთ დიდი დიღმის მიმართულებაზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ჯერ კიდევ დგას. როდის დაიწყება მუშაობა და ბას ლაინების მოწესრიგება, რომ ავტობუსებმა შეუფერხებლად იმოძრაოს?

- არა მარტო დიდი დიღმის მიმართულებით, მთელი ქალაქის მიმართულებით მიმდინარეობს ქუჩების ზოგადი ინვენტარიზაცია, რაზეც ტენდერი გვაქვს გამოცხადებული. ასევე, თითოეულ ქუჩაზე, სადაც 18-მეტრიანმა ავტობუსმა უნდა იმოძრაოს, უკვე ვიცით ყველა ინფრასტრუქტურული ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია, შესაბამისად, მიმდინარე წელს ყველა ეს ხარვეზი აღმოიფხვრება.

- რაც შეეხება მიწისზედა მეტროს საკითხს, დიდი დიღმის მიმართულებით, ამ წინადადებას ისევ განიხილავთ?

- არა, მიწისზედა მეტროს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ განხილვის საგანი იყო. ამ ეტაპზე „სისტრას“ კვლევების მიხედვით, 18-მეტრიანი ავტობუსები პოტენციური განაშენიანებიდან გამომდინარე არის საკმარისი იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობამ შვება იგრძნოს. ამჟამად გენერალურ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც 20-წლიან პერსპექტივაში გვაჩვენებს, რომელი მიმართულებით, რა დამატებითი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იქნება საჭირო იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეობას ეყოს. ამ ეტაპზე 18-მეტრიანი ავტობუსები დიღმიდან მოსახლეობის გამოსაყვანად საკმარისია.

- რაც შეეხება „სისტრას“ კვლევას, როდის ჩაგბარდებათ დოკუმენტი სრულად?

- 5 ეტაპი ჩაბარებული გვაქვს, მე-6 ეტაპზე ხარვეზები იყო და კომპანიისგან თვის ბოლოსთვის ველოდებით ჩასწორებულ ვარიანტს. კორონავირუსის გამო საჯარო განხილვები შეჩერებული გვაქვს.

თამთა კაკაურიძე

„ინტერპრესნიუსი“

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2020
მითები და რეალობა ჰესების შესახებ
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით