მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტებს შესაძლოა, სამედიცინო ცნობის წარდგენა დასჭირდეთ იმის დასადასტურებლად, რომ კორონავირუსი არ აქვთ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან, რათა მათ შორის ე.წ. უსაფრთხო დერეფნის ფორმატის შეთანხმება შედგეს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, ასეთი შეთანხმების ფარგლებში ერთმანეთთან ტურისტული მიმოსვლის შესაძლებლობა იქნება.

„სასიხარულოა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტურიზმის ამოქმედების გეგმის ძალიან მკაფიო მონახაზი დადო, სადაც ნათელია, რომ 15 ივნისიდან ჩვენ ვხსნით შიდა ტურისტული აქტივობებისთვის ტურისტულ ინდუსტრიას, ხოლო 1-ლი ივლისიდან შევეგებებით და ვუმასპინძლებთ პირველ საერთაშორისო მოგზაურს. როგორ მოხდება ადამიანების შემოშვება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, როგორ მოხდება უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და აღსრულება, ამაზეც ვისაუბრებთ. მიმდინარე ეტაპი ჩვენთვის, როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის მოსამზადებელი პერიოდია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან. ამ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ე.წ. უსაფრთხო დერეფნის ფორმატის შეთანხმება შედგება, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთთან ტურისტული მიმოსვლის შესაძლებლობა იქნება“,-განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტებს შესაძლოა, სამედიცინო ცნობის წარდგენა დასჭირდეთ იმის დასადასტურებლად, რომ მათ კორონავირუსი არ აქვთ. როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღნიშნულთან დაკავშირებით სრულ რეკომენდაციებს, სავარაუდოდ, 25 მაისისთვის გასცემს.

„ბევრი ოფციაა, მათ შორის არის ეს საკითხიც. ასევე, სხვადასხვა არხის გამოყენება განიხილება, ეს უკვე დამოკიდებულია საბოლოო შეთანხმებაზე, რასაც ორი ქვეყანა მიაღწევს. ასევე, სრულ ჰარმონიაში უნდა ვიყოთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან იმისთვის, რომ საქართველომ ყველაფერი შეასრულოს, რაც საერთაშორისოდ აღიარებული იქნება. ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ყოველდღიური კავშირი გვაქვს და ველოდებით, რომ 25 მაისისთვის ისინი უკვე სრულ რეკომენდაციებს წარმოგვიდგენენ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო