დამსაქმებელი შესაძლოა, ვალდებული გახდეს, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდება. შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე, თუმცა დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით წესრიგდება დასვენების დღეების საკითხიც. კერძოდ, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. 12 საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული უზრუნველყოს ყოველ 7 დღეში სულ მცირე 1 დასვენების დღით.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

ცვლილებები ასევე შეეხება ღამის სამუშაოსაც. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაო პირობებში, ღამის სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისთვის 24-საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა