თენგიზ ცერცვაძე - შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნამ, თუ ინფიცირების რიცხვის სერიოზული ზრდა არ გამოიწვია, 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მოხსნა შესაძლებელი იქნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 22 მაისამდე ერთი კვირაზე მეტია დარჩენილი. ცერცვაძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ 11 მაისიდან, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ იქნება.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ 22 მაისამდე დაახლოებით ერთ კვირაზე ცოტა მეტი დარჩა და მანამდე დაიდება პირველი შედეგები, რა შედეგები მოგვცა შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნამ. ვიმედოვნებ, რომ 11 მაისიდან, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, შემთხვევების ზრდა არ იქნება. მხედველობაში არ მაქვს ახალი შემთხვევების ერთნიშნა ციფრი, ან თუნდაც 20-მდე ახალი შემთხვევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და დიდხანს იქნება, ეს ქვეყანას არავითარ სიძნელეს არ შეუქმნის. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ამან ინფიცირების სერიოზული ზრდა არ გამოიწვია, მაშინ 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მოხსნა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, ევროპის ყველა ქვეყანა ეტაპობრივად ხსნის საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ მათ ამის გაკეთება გაცილებით რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში უწევთ, ვიდრე ეს დღეს საქართველოშია.

ცერცვაძის ვარაუდით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, საქართველოს უფრო მეტი შანსი აქვს ამჟამინდელი სიტუაცია შეინარჩუნოს.

„მე მგონია, რომ ჩვენ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სიფრთხილის სამი ზომა შევინარჩუნოთ: ხელების ხშირად დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება. ეს არ შექმნის ისეთ დისკომფორტს, რომ ჩვენი ცხოვრების რიტმი დაარღვიოს. სამაგიეროდ, ამან შეიძლება უზრუნველყოს ის, რომ უფრო მკაცრი ზომების მიღება აღარ დაგვჭირდეს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო