ირაკლი ბერაიამ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯონათან ჯანოგლის ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა. მხარეებმა, საქართველოსა და ბრიტანეთში კოვიდ 19-ით შექმნილი ვითარება, საპასუხოდ გატარებული ზომები და შეზღუდვების მოხსნის ნაბიჯები მიმოიხილეს. ისაუბრეს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, საოკუპაციო ძალის უკანონო ქმედებებზე, უკანონო ჰიბრიდულ კამპანიაზე, რომელსაც რუსეთი ეწევა სახელმწიფოების წინააღმდეგ მათ შორის, დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების თვალსაზრისით. ბრიტანელ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები. საუბრის თემა იყო ასევე, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები.

შეხვედრისას, საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი აღინიშნა.

„ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მასთან თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას და ამ მიმართულებით ვხედავთ ბევრ ახალ შესაძლებლობას. 2019 წელს, 100 წელი შესრულდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა დიდ ბრიტანეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, სწორედ, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ორ სტრატეგიულ პარნტიორს შორის სამართლებრივ ჩარჩოს - პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა