გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმა სტაბილურობის გარანტია

1 წელზე მეტია, რაც საქართველოში შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეები ავტომატურად გაწევრიანდნენ დაგროვებით საპენსიო სქემაში და 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ყოველთვიურად მათი ხელფასის 2% საპენსიო ფონდში ირიცხება.

პანდემიის გავრცელების გამო შექმნილი ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, „საპენსიო სააგენტში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2019 წელთან შედარებით საპენსიო შენატანები არ შემცირებულა და წლის ბოლოსთვის საპენსიო დანაზოგის სახით მილიარდ ლარზე მეტის აკუმულირებას აანონსებენ.

სად ინახება მოსახლეობის საპენსიო დანაზოგები, როგორია საპენსიო რეფორმაზე COVID-19-ის გავლენა და სააგენტოს სამომავლო გეგმები, „ინტერპრესნიუსს“ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე ესაუბრა.

- პანდემიის გამო „საპენსიო სააგენტო“ სხვა უწყებების მსგავსად, დისტანციური მომსახურების რეჟიმზე გადავიდა, როგორ აისახა ეს სააგენტოს მუშაობაზე, რამდენად მომზადებული შეხვდით ამ გამოწვევას?

- საქართველოში კორონავირუსის შიდაგავრცელების შემთხვევების გამოვლინების ფაქტებიდან გამომდინარე, ჩემ გუნდთან ერთად შევიმუშავე ბიზნეს უწყვეტობის რამდენიმე ეტაპიანი გეგმა, რადგან დიდი იყო ალბათობა, რომ შემთხვევები გაიზრდებოდა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა. გეგმა მოიცავდა საგანგებო მდგომარეობის დროს სააგენტოს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, ხოლო სრული კარანტინის შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, მონაწილეთათვის სააგენტოს სერვისების უწყვეტად მიწოდებას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სერვისების მდგრადობის შენარჩუნება და მათი უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა საპენსიო სააგენტომ უზრუნველყოს მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა დროულად უზრუნველყო ყველა საჭირო ტექნიკური დახმარება, რათა თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონოდათ უწყვეტ და გამართულ რეჟიმში დისტანციურად მუშაობის. შედეგად, საპენსიო სააგენტოს პროცესები წარიმართა შეფერხებების გარეშე. მონაწილეთა მომსახურეობის განყოფილების ცხელი ხაზი გადავიდა სრულად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, ხოლო ადგილზე მონაწილეთა მომსახურების განყოფილება აგრძელებს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას. დაწესდა მორიგეობა (მაქსიმუმ ერთი ადამიანი სამუშაო საათებში), ასევე დაცულია სოციალური დისტანცირების პრინციპები. ამასთან, „საპენსიო სააგენტო“ მონაწილეთა მომსახურეობის განყოფილების შეუფერხებელ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

- პანდემიის გამო არაერთმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, შესაბამისად ისინი გამოაკლდნენ მათ რიგებს, ვისაც თავისი ხელფასის 2% საპენსიო ფონდში შეაქვს. პანდემიიის გამო შემცირდა თუ არა გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით საპენსიო შენატანები და სამომავლოდ როგორი მოლოდინები გაქვთ ამ კუთხით?

- მინდა დარწმუნებით განვაცხადო, რომ 2020 წლის ბოლოსთვის საპენსიო აქტივების მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს. სააგენტოში ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ კონტრიბუციების ანალიზს და ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა არანაირი კლება შენატანების მხრივ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით, 2020 წლის პირველი კვარტლის კონტრიბუციები გაზრდილია დაახლოებით 51 მლნ ლარით.

- როგორია ამ დროისთვის სქემაში მონაწილეთა რაოდენობა და მათ შორის, რამდენმა ადამიანმა დატოვა დაგროვებითი საპენსიო სისტემა?

- რაც შეეხება საპენსიო დანაზოგების ადმინისტრირების სისტემას, აქაც მნიშვნელოვანი სიახლეების გვაქვს, მიმდინარეობს ყველა საოპერაციო პროცესის ავტომატიზაციის პროცესი, ასევე ინერგება დამატებით შიდა კონტროლის მექანიზმები და მიმდინარე წლის განმავლობაში, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის მიერ, დაინერგება ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

საპენსიო სააგენტოში, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, გაწევრიანებულია დაახლოებით 1 014 000-მდე მონაწილე და ყოველთვიურად 10 000-მდე ახალი მონაწილე გვემატება, ხოლო გასვლების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. დღევანდელი მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში გასვლის უფლების მქონე მონაწილეთა 60%-ი დარჩა, ხოლო სისტემიდან გასულია 165 866 დასაქმებული. უნდა ვაღიარო, რომ ასეთი შედეგის მოლოდინი, რეფორმის დაწყებისას, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსაც არ ჰქონდათ. როგორც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი, მივიჩნევ, რომ საპენსიო რეფორმა სტაბილურობის გარანტიაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის.

- ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან იყო ინიციატივა საპენსიო შენატანების დროებით შეჩერების შესახებ, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა გააჟღერეს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საპენსიო დანაზოგი ხალხს დაუბრუნდეს. რამდენად შესაძლებელია ეს, რას უპასუხებდით?

- დაგროვებითი საპენსიო სისტემა, უმთავრესი მიზნის გარდა, ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ეკონომიკის ზრდას. ეკონომიკური მოდელი აჩვენებს, რომ საპენსიო რეფორმა ზრდის დანაზოგებსა და ინვესტიციებს, რაც იწვევს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. დანაზოგები ინვესტიციებზე სწრაფად იზრდება, რაც ამცირებს ეკონომიკის საგარეო მოწყვლადობის რისკებს და უფრო ჯანსაღ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. მე მჯერა, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ქვეყნის აქტივი და გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობის წინაპირობა. საინვესტიციო პროცესი დაწყებულია და თანხები ინვესტირებულია, რომლის საშუალო ვადიანობა გახლავთ 5 წელი, რის შედეგადაც ინვესტიციები საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს თითქმის გაორმაგდება.

- მეტი დეტალი რომ გვითხრათ საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესზე, რა რაოდენობის თანხაა ამ დროისთვის ინვესტირებული და როდის ექნება „საპენსიო სააგენტოს“ ჩამოყალიბებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი?

- საპენსიო აქტივები შეადგენს 741 მილიონ ლარს, აქედან 82%, ანუ 606 მილიონი განთავსებულია კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში(CD-ებში), ხოლო დანარჩენი 18%, ანუ 133 მილიონი, კომერციულ ბანკებში და ეროვნულ ბანკში სარგებლიან ანგარიშებზე. ბანკებში განთავსებულ CD-ებში თანხას უკვე დაერიცხა 16 მილიონი ლარი, ხოლო ჯამში მთელ საპენსიო აქტივებს, ანუ 741 მილიონი ლარს, დარიცხული აქვს 44 მილიონი ლარი. სარგებლიან ანგარიშებზე თანხების განთავსება ნიშნავს, რომ ისინი ინვესტირებულია სარგებლიან ანგარიშებში და მათ ერიცხებათ სარგებელი, მათ შორის ეროვნულ ბანკშიც განთავსებულ თანხებს.

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი არის მთავარი დოკუმენტი რომლის საშუალებითაც უნდა განხორციელდეს ინვესტიციები, კაპიტალის ბაზრის მეშვეობით, ფინანსურ ინსტრუმენტებში. ინვესტირების ჩარჩო დოკუმენტზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ეროვნულ ბანკთან, მომდევნო თვის დასაწყისისთვის ჩვენ დეტალურად წარმოვადგენთ და გავაცნობთ საზოგადოებას.

ასევე, საპენსიო სააგენტომ 2020 წლის 6 იანვარს გამოაცხადა დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების საჯარო ელექტრონული შესყიდვის პროცედურა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის. შერჩევის პროცესს სრულად უძღვება საინვესტიციო საბჭო. შერჩევაში მონაწილეობს „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და სომხეთის ცენტრალური დეპოზიტარი. ამ ეტაპზე, კანდიდატებთან მოლაპარკება დასრულდა და საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ დაიწყება აქტიური მოლაპარაკებები კომპანიასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად და მოვაწერ ხელს.

- მიმდინარე წლის იანვრიდან საპენსიო სააგენტოს დირექტორმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, კვლავ ვაკანტურია რამდენიმე ადგილი სააგენტოში. როდის ეყოლება ახალი დირექტორი უწყებას და საკადრო ცვლილებები არის თუ არა სააგენტოს მუშაობისთვის შემაფერხებელი ფაქტორი?

- დაგროვებითი საპენსიო სისტემა ჩემთვის არ წარმოადგენს სიახლეს, რადგან წლებია ამ რეფორმის დანერგვის და განხორციელების მონაწილე ვარ. სამეთვალყურეო საბჭომ კანონის სრული დაცვით მიმდინარე წლის იანვარში დამაკისრა სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების შესრულება სრული მანდატით. ყოფილმა დირექტორმა უდიდესი როლი ითამაშა სააგენტოს შექმნაში და წარმატებულად გამართა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების სისტემა და ახლა კერძო სექტორში განაგრძობს მოღვაწეობას.

„საპენსიო სააგენტოში“ ყველა მნიშვნელოვანი რგოლი დაკომპლექტებულია, მათ შორის საინვესტიციო სამსახური და რისკების სამსახური და საქმიანობა ხორციელდება სრულფასოვნად, ყოველგვარი შემაფერხებელი ფაქტორის გარეშე.

„ინტერპრესნიუსი“

მარიამ ტიტვინიძე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს