ანა ნაცვლიშვილი - დასკვნებში ყველა ერთხმად ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში იკვეთება არა მართლმსაჯულების აღსრულების, არამედ პოლიტიკური მოტივაცია

დასკვნებში ყველა ერთხმად ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში იკვეთება არა მართლმსაჯულების აღსრულების, არამედ პოლიტიკური მოტივაცია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო ექსპერტის დასკვნას მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე.

მისი თქმით, ეს დასკვნა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ისე შეჭამა სამართლიანი და პოლიტიკური წნეხისაგან თავისუფალი მართლმსაჯულების დაპირება, როგორც „ნიანგმა - საკუთარი შვილები“.

„ახლა დგანან და ნიანგის ცრემლებით ტირიან: ჩვენთან პოლიტიკური მართლმსაჯულება არ ხორციელდება, ეგ მხოლოდ ძველ დროს იყოო. ფიცი გვწამს, მაგრამ ამ დასკვნას რას პასუხობთ? რას პასუხობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას? Freedom House-ის დასკვნას? საქართველოს სახალხო დამცველის და კონსტიტუციის 42-ე მუხლის დასკვნას? ამ დასკვნებში ყველა ერთხმად ამბობს, რომ საქმეში იკვეთება არა მართლმსაჯულების აღსრულების, არამედ პოლიტიკური მოტივაცია. დღეს გამოქვეყნდა კიდევ ერთი ნეიტრალური, საქმისადმი მიკერძოების არმქონე ექსპერტის დასკვნა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე. ეს დასკვნაც ამბობს, რომ ამ საქმეში არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ე.ი. არ არსებობს დანაშაული. ექსპერტის შესარჩევად გამოცხადებული იყო ღია კონკურსი მსოფლიოს მასშტაბით. დასკვნა ძალიან დეტალურია და ყველა კითხვას სცემს პასუხს მაღალი პროფესიონალიზმით და ფაქტებზე დაყრდნობით. დეტალებს აქ არ მოვყვები, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. მაინც გამოვყოფ იმ ორ ფრაზას, რამაც მიიქცია ჩემი განსაკუთრებული ყურადღება: ერთი - „საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკით, არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა - რაც დასკვნაში დადგენილია, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა. არაერთ იურისდიქციაში, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენების დადგენის შემთხვევაში, სასამართლო პროცესის შეწყვეტის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას." და მეორე - „საქმის მასალების შესწავლის გარდა, ექსპერტი შეხვდა საქმის დეტალების მცოდნე სხვადასხვა პირსა და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის ბრალდებულებს, პრაქტიკოს იურისტებს, და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე შეხვდა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, ხოლო პროკურატურის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს,’’ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის“, პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო