ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - ჩემთვის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის შეუძლებელია, წარმოდგენილი იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ძალიან საწყენია - ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს შესაძლებლობებშია

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დუნია მიატოვიჩის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა სერიოზული გამოწვევაა, იქიდან გამომდინარე, რომ იქ მისი ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა შეზღუდულია.

მისივე თქმით, საზოგადოების მოლოდინი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მიმართულებით ძალიან დიდია, თუმცა კომისრის განმარტებით, არსებობს ლიმიტები, რომლებიც მეტ ჩართულობას შეუძლებელს ხდის. კომისრის თქმით, ის ოკუპირებული ტერიტორიების მონახულებას გეგმავს და მზად არის საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალური დახმარება გაუწიოს პრობლემასთან გასამკლავებლად.

„ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი უდიდესი გამოწვევაა ჩემი მანდატისთვის, ჩემთვის როგორც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისთვის. ძალიან მკვეთრი მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მე ვარ ადამიანის უფლებათა კომისარი თითოეული ადამიანისთვის იმის მიუხედავად, თუ სად ცხოვრობს ის. ჩემთვის და ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის შეუძლებელია წარმოდგენილი იყოს აღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ფაქტი ძალიან საწყენია და ამასთანავე, ძალიან რთულია ამ პირობებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო ამ მიმართულებით, რაც ჩემს შესაძლებლობებშია. რა თქმა უნდა, ყველაფერი თანხვედრაში უნდა იყოს საერთაშორისო სამართალთან და წესრიგთან და ასევე, მე, როგორც კომისარი, მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ ჩემი როლი არ იყოს პოლიტიზირებული. ჩემს გეგმაში შედის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მოვინახულო. მე უკვე მქონდა რამდენიმე ძალიან კონსტრუქციული დიალოგი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბევრ მინისტრთან და ოფიციალურ პირთან და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც უგულებელყოფილია. მე ჩემი მხრივ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას დახმარება გავუწიო და ვნახო კონკრეტულად, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა მოხდეს. ამ მიმართულებით საკმაოდ გულწრფელი ვარ და ვიცი, რომ ბევრი რამ გასაკეთებელია, მოლოდინი საკმაოდ მაღალია იმიტომ, რომ ადამიანებს სურთ ჩვენი მხრიდან უფრო მეტი ჩართულობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტები არსებობს, რომელებიც უბრალოდ მეტ ჩართულობას შეუძლებელს ხდის“, - განაცხადა დუნია მიატოვიჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა