ევროპის საბჭო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, ონლაინ კონსულტაციებს „კითხვა-პასუხი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ“ იწყებს

ევროპის საბჭოს პროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან ერთად იწყებს ონლაინ სესიების სერიას „კითხვა-პასუხი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ“ COVID-19-ის პანდემიის პირობებში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სესიებს მოდერირებას გაუწევს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი.

საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ცნობით, პირველი სესია დაგეგმილია, 15 მაისს, 15:30 სთ-ზე. კითხვებს უპასუხებენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.

აღნიშნული კითხვა-პასუხის სესიები გაიმართება კვირაში ერთხელ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ოფიციალურ Facebook გვერდზე და ადამიანის უფლებათა საბჭოს ოფიციალურ Facebook გვერდებზე.

„COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, ოჯახში ძალადობის გაზრდილი სტატისტიკის შესახებ უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს. მოძალადესთან ერთად იზოლაციაში მყოფ ქალებზე ძალადობის რისკები მეტად რეალური გახდა. ამის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ უკეთ გააცნობიეროს და განსაზღვროს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის პრობლემის სერიოზულობა. აუცილებელია, რომ ძალადობის მსხვერპლმა გოგოებმა და ქალებმა იცოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული არსებული დამცავი მექანიზმების და ხელმისაწვდომი სოციალური და სხვა სახის დახმარების სახეების შესახებ, რომელიც შესაბამისობაშია ევროპის საბჭოს კონვენციასთან ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ(სტამბოლის კონვენცია). კონვენციის ხელმომწერი საქართველოც გახლავთ.

ონლაინ სესიები ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას COVID-19-ის პანდემიის პირობებში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული კითხვა დასვას და ექსპერტებისა და სამთავრობო წარმომადგენლებისგან მიიღოს პასუხი ონლაინ. კითხვები შეგროვდება წინასწარ მომზადებული ფორმის მეშვეობით, რომელიც ადამიანის ანონიმურობას უზრუნველყოფს. ონლაინ სესიები „კითხვა-პასუხი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ“ ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის "ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა