გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტი ონლაინ რეჟიმში განიხილეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა, პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის ტრანსლირება კომიტეტის "ფეისბუქის" გვერდზე ლაივ რეჟიმში მოხდა.

მათი ცნობით, დისკუსიას კანონპროექტთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანამ, სანამ კანონპროექტი მეორე მოსმენით გავა კომიტეტის სხდომაზე, იგი საზოგადოების მაქსიმალურად ფართო ჩართულობით განვიხილოთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ამ ონლაინ-შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, დაინტერესებული საზოგადოებისთვის კანონპროექტის წარდგენა და მასთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაციის მიწოდება, ამასთანავე კითხვებზე პასუხის გაცემა. კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორთან ერთად წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უნდა განიხილოს.

„როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ფაქტია, რომ საქართველოში აქამდე არ არსებობდა აკვაკულტურის განვითარებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტით კი ჩამოყალიბდება სამართლებრივი ჩარჩო, რომლითაც შესაძლებელი იქნება აკვაკულტურის წახალისება და განვითარება.

აკვაკულტურა არის წყლისა და მიწის რესურსების ეფექტიანად გამოყენება, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევების დათევზიანება ეკოსისტემის შესაბამისად. 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2400 ტონა აკვაკულტურის პროდუქცია იწარმოება, რაც ჩვენი ქვეყნის რეალური პოტენციალის მინიმუმს წარმოადგენს. კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგება საშუალებას იძლევა, რომ ეს მაჩვენებელი გავაათმაგოთ და ხელი შევუწყოთ პროდუქციის როგორც ადგილობრივ ბაზარზე გასაღებას, ასევე საექსპორტოდ მომზადებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„კანონის მიღების შემთხვევაში, იგი ქმნის ბაზას საიმისოდ, რომ ქვეყანამ კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოოს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინიციატორების განცხადებით, აკვაკულტურის პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას და აკვაკულტურის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის მრავალწლიან სანებართვო პირობებს. პარლამენტმა კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ“ პირველი მოსმენით 17 მარტს მიიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა