კორნელი კაკაჩია სენატორების და კონგრესმენების წერილზე - თუ გავითვალისწინებთ ავტორების წონას, ეს წერილი საკმაოდ  ცუდი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ

თუ გავითვალისწინებთ, როგორც ამ წერილის ავტორების წონას ამერიკის შიდა პოლიტიკაში, ასევე ზოგადად, ამერიკის წონას საერთაშორისო პოლიტიკაში, უნდა ჩავთვალოთო, რომ ეს წერილი საკმაოდ ძლიერი და ცუდი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით კაკაჩია გამოეხმაურა აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენების მიერ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსადმი წერილით მიმართვას, სადაც საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

ექსპერტის შეფასებით, დღეს საქართველოში აღარავის სჯერა, რომ დასავლეთიდან მწვავე განცხადებების მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობაა. კორნელი კაკაჩიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრობლემა გახდა როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

„თუ გავითვალისწინებთ როგორც ამ წერილის ავტორების წონას ამერიკის შიდა პოლიტიკაში, ასევე ზოგადად, ამერიკის წონას საერთაშორისო პოლიტიკაში, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს წერილი საკმაოდ ძლიერი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების განცხადების უკან დგას ფაქტები, რომლის შესახებ მათ იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი დონის სენატორები და კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლების მიმართ ასეთ მკვეთ და ღია განცხადებებს არ გააკეთებდნენ. საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის საკმაოდ ცუდი მესიჯი, მითუმეტეს, საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ხელისუფლების რუპორები - დაწყებული მათი ტელევიზიებით და ექსპერტებით - ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პროდასავლური კურსი და მზად არიან განაგრძონ რეფორმები, რომლის მთავარი მიზანი ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაა. სწორედ ამის საწინააღმდეგოა, რაც ამ წერილშია მოცემული.

დღეს საქართველოში აღარავის სჯერა, რომ ეს მწვავე განცხადებები კომუნიკაციის ან კვალიფიკაციის ნაკლებობის გამოა. „ქართულ ოცნებასაც“ ჰყავს საკუთარი ლობისტები, მაგრამ ძირითადი პრობლემა ეხება სიმართლეს. ფაქტია, რომ ზოგადად საქართველოში ხელისუფლებებს ყოველთვის უჭირდათ ხელისუფლებასთან განშორება, ეს ეხება როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ქართულ ოცნებას“. სწორედ ეს მომენტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ამ ფონს ქმნის. „ქართული ოცნება“, რომელიც წინა ხელისუფლებას სამართლიანად აკრიტიკებდა ქვეყნის ავტორიტარულად მართვის გამო, ბოლოს სწორედ იმ შედეგებამდე მივიდა, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა. ანუ თვითონ ეს ხელისუფლება გახდა პრობლემა, როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის,“ - განაცხადა კაკაჩიამ.

ექსპერტის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება დემოკრატიული წნეხის დაძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

„გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდ19-ის გამო შექმნილ კრიზისს საქართველომ მეტ-ნაკლებად კარგად გაართვა თავი, იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ გარკვეული უპირატესობით სარგებლობს, მაგრამ ბოლო კვირებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება დემოკრატიული წნეხის დაძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ფაქტია, რომ ნარატივების ბრძოლა „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია წააგო როგორც ევროპაში, ისე შეერთებულ შტატებში,“ - განაცხადა მან.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ „საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო“, რაც მათი თქმით, აშშ-ის „გეოპოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება“. ამ კონტექტში ამერიკელი პოლიტიკოსები „ფრონტერას“ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კომპანიას, რომელმაც ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საქართველოდან გაძევება ემუქრება. ამასთან, წერილში საუბარი ეხება „კონტი ჯგუფსაც“, „რომელიც ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან გააძევეს".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო