გიგი უგულავა - მნიშვნელობა არ აქვს, მოსწონს თუ არა გიორგი რურუა ვინმეს, მის მიმართ წარმოებული საქმე არის შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული და ის უნდა გათავისუფლდეს

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება. როგორც მან სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი რურუას მიმართ წარმოებული საქმე შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც ის უნდა გათავისუფლდეს.

„ვფიქრობ, როგორც სამართლებრივად, ასევე ჯანსაღი აზრის ფარგლებში, პროკურატურა და მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ პოლიტპატიმრების ეს სამარცხვინო ლაქა, რომელიც მან დაუტოვა ქვეყანას, სწრაფად უნდა დამთავრდეს, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ცუდი. მაშინ, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად ეკონომიკური პანდემიის წინაშე ვდგავართ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეკონომიკა ხელიდან ბოლომდე არ გაიქცეს და მისი ამოქაჩვა შევძლოთ, რომ ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილის ზღვარზე არ აღმოჩნდნენ. ამიტომ, ეს ძალიან დიდი სურათის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ის შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება. ბუნებრივია, ამას ისეთი რეაქცია ექნება, როგორიც იყო. იმას ვგულისხმობ, რომ სანახევროდ შესრულებული პირობები არ არსებობს. როდესაც რაღაცას იტყვი, ეს არის მოვალეობა ადამიანურ ურთიერთობებში, პოლიტიკაში და საერთაშორისო პოლიტიკაშიც. ამიტომ, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელსაც უკვე დღეს საერთაშორისო საზოგადოება, ამერიკის კონგრესი პირდაპირ ამბობს, რომ ამ შეთითხნილი საქმის დასრულება არის საქართველოს პრესტიჟის საკითხი, ამ კუთხით უნდა შეხედოს ყველამ. პოზიციებს აღარავინ შეიცვლის. დღეს არის მოქმედების დრო და მოქმედება ნიშნავს იმას, რომ გიორგი რურუამ საპატიმრო უნდა დატოვოს“,-განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმების ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტაა.

„დღეს რომ სასამართლომ გიორგი რურუა არ გაათავისუფლოს, 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად მიჩნეული არ იქნება. მთელმა საზოგადოებამ კარგად გააცნობიერა ის ფაქტი, რომ არა მარტო პროკურორი, არამედ მთელი ხელისუფლება რას ლაპარაკობს, ამას არასდროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და სიტყვის ფასი ნულს გაუტოლა. თავად წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღის წინ როგორ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს თუნდაც თავისივე პრემიერი გახარია, რომელმაც თემას დაუსვა წერტილი და დაახლოებით 5 დღის თავზე, ეს წერტილი თურმე საერთოდ სასვენი ნიშანი არ ყოფილა. ჩვენს გვასხსოვს, ეს თემა დახურულიაო ამბობდნენ და მერე აღმოჩნდა, რომ დახურული არ არის. ამიტომ, ამ ბაქი-ბუქს ერთადერთი რამ მოყვება, მათი სიტყვის ფასი უფასურდება-ნულის ტოლია. ეს ცუდია, რადგან ხელისუფლების სიტყვას რაღაც ფასი უნდა ჰქონდეს, მას ვიღაც უნდა ენდობოდეს. ამიტომ, პროკურორი რას ამბობს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

მნიშვნელობა არ აქვს, მოსწონს თუ არა გიორგი რურუა ვინმეს, მის მიმართ წარმოებული საქმე არის შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული და ის უნდა გათავისუფლდეს“,-განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა