სასამართლოს ლოგიკაზე - როდის და როგორ იზამენ - მე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვდგავართ პოლიტიკური ნორმალიზების ზღვარზე და ეს პროცესი უნდა დაასრულოს ხელისუფლებამ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. ხოშტარია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ეს პროცესი ბოლომდე უნდა მიიყვანოს, „როგორი რთულიც არ უნდა იყოს”.
„ხელისუფლებამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი შეასრულა და გამოუშვა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. იგივე უნდა გაკეთდეს რურუასთან მიმართებაში. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ გიორგი რურუაც ამ შეთანხმების ნაწილი იყო. ამიტომ რაც უფრო სწრაფად დავხურავთ ამ ფურცელს და გადავალთ საარჩევნო რეფორმაზე, ეს არის მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დროში, ფორმაში როგორ იზამენ, მათთვის დამითმია, ამის დრო არის, საშუალებაც არის, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს სწრაფად, დავბრუნდეთ შედარებით ნორმალიზებულ პოლიტიკურ ვითარებაში”, - განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა