მსოფლიო ადამიანთა ერთობისთვის საყოველთაო ლოცვას აღავლენს

ისა ალ ნოაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში

ადამიანთა ერთობის უმაღლესი კომიტეტის მიერ წამოწყებულ გლობალურ ინიციატივას "ვილოცოთ კაცობრიობისთვის", რომლის თანახმადაც ხუთშაბათი, 2020 წლის 14 მაისი საყოველთაო ლოცვის დღედ გამოცხადდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები შეუერთდნენ, რათა უფლისთვის ეთხოვათ სამყაროს პანდემიისგან ხსნა, რომელსაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რომელიც სხვადასხვა რასისა და რწმენის დაახლოებით ოთხი მილიარდი ადამიანის სიცოცხლეს კვლავ ემუქრება.

მისმა უდიდებულესობამ შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა, აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა: ”ჩვენი და მილიონობით ადამიანის ლოცვა მსოფლიოში არასდროს წყდება, თუმცა დღეს, როდესაც ყველანი ვერთიანდებით ადამიანური ძმობის უმაღლესი კომიტეტის მოწოდებით, განსაკუთრებით დღევანდელი გამოწვევის ფონზე, მოწმე ვხდებით სოლიდარობისა, რომლის წინაშეც განსხვავებები იშლება და ყველა თანასწორნი ვართ ჩვენი მცდელობების მიუხედავად. ამდენად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლოცვას შემოქმედისადმი, რათა საბოლოოდ ვძლიოთ პანდემიას.”

რომის პაპმა ფრანცისკემ კი განაცხადა: ”ჩვენ ვერთიანდებით საერთო მიზნისთვის, როგორც ძმები, რათა ღმერთს ჩვენი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მიხედვით შევთხოვოთ პანდემიისგან გათავისუფლება, ვიმარხულოთ და ცოდვების შენდობა მივიღოთ. პანდემია უეცრად დაგვატყდა თავს და სულ ახლახანს დავიწყეთ გამოღვიძება, რომ დავინახოთ “შიმშილისა, ომის და სხვა პანდემიები” და მათგან გამოწვეული მძიმე ჰუმანიტარული შედეგები. რაც მთავარია, დღეს ჩვენ ყველა ერთად ვლოცულობთ, რაც ადამიანთა ერთობის უმაღლესი კომიტეტის დამსახურებაა.”

ცნობილია, რომ აღნიშნული კომიტეტი ადამიანთა ერთობის დოკუმენტის მიზნების განხორციელებას ემსახურება, რომელიც ადამიანთა ერთობის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იქნა წარდგენილი. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში, 2019 წლის 4 თებერვალს, რომის პაპმა ფრანცისკემ და ალ აზჰარის იმამმა, აჰმად ალ ტაიებმა ხელი მოაწერეს ადამიანთა ერთობის დოკუმენტს აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, მისი უდიდებულესობა შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის თანდასწრებით. ამ მოვლენას მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიის 700-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც კორონავირუსის კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას შეეხო, სასულიერო პირმა პრეზიდენტს აღუთქვა, რომ 14 მაისს პანდემიისაგან დედამიწის ხსნისთვის ლოცვისას მოიხსენიებდა საქართველოს, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფას ერს.

ამ საყოველთაო მოვლენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, აჰმად ალ-ტაიებმა, ალ-აზჰარის დიდმა იმამმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს გულწრფელ მოწოდებას, უფრო მეტად დავუახლოვდეთ ღმერთს. მან ასევე მოუწოდა მთელ კაცობრიობას, რომ ამ რთულ პერიოდში, კრიზისში კიდევ ერთხელ გავიაზროთ ყველა ძირითადი ადამიანური ფასეულობა, როგორიცაა სამართლიანობა, მშვიდობიანი თანაცხოვრება და თანასწორობა.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არაერთი რელიგიური და პოლიტიკური ლიდერი შეუერთდა ამ გლობალურ ინიციატივას. მათ მხარდაჭერა სხვადასხვა სოციალურ ქსელზე განთავსებული ტვიტების, სტატიებისა და ვიდეოების საშუალებით გამოხატეს. მათ შორისაა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, რომელმაც ინიციატივის მხარდასაჭერად Twitter - ის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ ტექსტში ხაზი გაუსვა რთულ პერიოდში მთელი მსოფლიოს გაერთიანების მნიშვნელობას მშვიდობის, კაცობრიობის კეთილდღეობისა და სოლიდარობისთვის.

ამრიგად, ეს მართლაც “ჰუმანიტარული პაუზაა”, რომელშიც რწმენა და ოპტიმიზმი ერთმანეთს ერწყმის და პანდემიისა და არსებული საფრთხის ფონზე, ჩვენი ადამიანური ინსტინქტი გვიბიძგებს, რომ მეტად დავუახლოვდეთ ღმერთს და მივიღოთ მისი წყალობა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა