„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება არაკონსტიტუციურია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მთავრობის მიერ ადამიანის იმ ძირითად უფლებათა შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა შეიზღუდოს და ისიც პარლამენტის გადაწყვეტილებით.

„კანონის პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში შეიძლება შეიზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება; საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

აღნიშნული უფლებები, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ძირითად უფლებებს წარმოადგენს და მათი შეზღუდვის საფუძველი და წესი კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მაგ. შრომის, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობისა და შეკრების თავისუფლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება შეიზღუდოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს. შეზღუდვის სხვა საფუძველს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ამ უფლებათა შეზღუდვა არაკონსტიტუციურია,“- აღნიშნულია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ განმარტავენ, რომ კანონპროექტით ადამიანის ძირითად თავისუფლებათა შეზღუდვისას პარლამენტის როლის იგნორირება ხდება.

„კანონის პროექტით, საკარანტინო ღონისძიებების ცნება იმდენად გაფართოებულია, რომ ფაქტობრივად უთანაბრდება საგანგებო მდგომარეობას და მოიცავს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის მოწესრიგებას კანონმდებლობისგან განსხვავებულად, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას. საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების წესს კი მთავრობა განსაზღვრავს.

ადამიანის ძირითად უფლებათა ამ მასშტაბის შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს უნდა ხდებოდეს და სწორედ ამიტომ კონსტიტუცია შეკრების, შრომის, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლებათა შეზღუდვას მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს ითვალისწინებს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, პარლამენტის როლი განმსაზღვრელია. საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებაა, დაამტკიცოს საგანგებო მდგომარეობა და ამ მდგომარეობის დროს უფლებათა შეზღუდვის მასშტაბები.

საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის მხრიდან საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ ვითარებაში მეტია ადამიანის უფლებათა არაპროპროპორციული შეზღუდვის რისკი. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში პარლამენტს ფაქტობრივად არ განუხორციელებია საპარლამენტო კონტროლი და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე არ უმსჯელია.

წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად კი, სრულიად გამორიცხულია ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა. საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია. თუმცა აღნიშნული მიზნის მისაღწევად არ უნდა ხდებოდეს ადამიანის უფლებათა არაკონსტიტუციური შეზღუდვა.

„ პანდემიასთან ბრძოლის მიზეზით გაუმართლებელია არაკონსტიტუცური კანონების მიღება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე აკნინებს პარლამენტის როლს. პარლამენტის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ კრიტიკულ ვითარებაშია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ამ დროს კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილებების მთავრობისთვის უკანონოდ გადაცემა.

პანდემია, ისევე, როგორც ნებისმიერი კრიტიკული მდგომარეობა, არადემოკრატიული ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებების დაუსაბუთებლად შეზუდვისთვის გამოიყენება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდება. აღსანიშნავია ასევე, რომ საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა, მათ შორის გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების, უზრუნველყოფა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის და საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს არაკონსტიტუციურად შეზღუდავს,“- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება არაკონსტიტუციურია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო