დავით ბერძენიშვილი - ზღვის დონიდან რამდენიმე სანტიმეტრის, „პლინტუსის“ მიდამოების დონეა საქართველოს პრეზიდენტი სენატორებთან და ევროპარლამენტარებთან მიმართებით

ზღვის დონიდან რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლის, „პლინტუსის" მიდამოებში რომ დონეა, ესეთი დონეა ახლა საქართველოს დანიშნული პრეზიდენტი ამ უზარმაზარ ფიგურებთან მიმართებით - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „ნიუსრუმი" განაცხადა, რითაც ის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სენატორებთან და ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის არა არჩეული, არამედ - დანიშნული პრეზიდენტია.

„თავში ავარდნაც არის და ავარდნაც. ადამიანი პრეზიდენტად დანიშნეს, გამოღლიტეს ხალხს ხმა, რაც არ ეყოთ წაიმატეს, მეორე ტურში გააქრეს მისი გამოსახულება და ბიძინა ივანიშვილი და მისი ქვეშევრდომები იყვნენ ბილბორდებზე. ასეთ დროს, ძალიან გაჭირვებული ქვეყნის ცერემონიალური უფლებების მქონე პრეზიდენტის დონე რომ უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და მსოფლიოს მეორე ლიდერი გაერთიანების ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, რიშის და მაკალისტერის, მე მესმის რომ სად შესწვდებიან ისინი სალომე ზურაბიშვილის დონეს. დონეზე გამახსენდა, ახალგაზრდობაში არქეოლოგებს ვეხმარებოდი და ციხისძირში მაშინ პატიაშვილი სასახლეს აშენებდა. არქეოლოგიური გათხების დროს, ძალიან კარგად შენახული ძველი რომაული აბანო ზღვის პირას იყო აღმოჩენილი. რომ მოვიდა ცეკა-ტეკას ხალხი, თქვეს, რომ ეს გააქრეთო, აქ ისეთი დონის ხალხი ჩამოდისო, ცეკა-ტეკას ხალხს გულისხმობდა დონით. მაშინ ერთმა ჰკითხა, ზღვის დონიდან ძალიან მაღლა არიანო?! ასეთი ზღვის დონიდან რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლის, „პლინტუსის“ მიდამოებში რომ დონეა, ესეთი დონეა ახლა საქართველოს დანიშნული პრეზიდენტი ამ უზარმაზარ ფიგურებთან მიმართებით. თუ დონეს უწუნებს და არ ედარდება, რათ უნდა ტვიტერი, ის ხომ სწორედ მაგ „დონიანი" ხალხისთვის აქვს?!" - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სენატორი რიში, რომელმაც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში სიტყვა „პოლიტპატიმარი” ახსენა, ცუდად ინფორმირებულია. როგორც პრეზიდენტმა „ღამის კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირება და ამაში ყველა ერთად უნდა ჩაერთოს.

„ამ ვიღაც სენატორების თუ პარლამენტარების გამონათქვამები, ეს ერთ წუთში არ იცვლება. ეს ყველას გასაკეთებელია და არა მხოლოდ საელჩოების. იგივე ჩემი, მეტი შეხვედრები და მეტი აქტიურობა. არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია მათთან, რადგან ეს არ არის ჩემი დონე, თუ არ შევხვდები კონფერენციაზე, ან სხვა მსგავს პირობებში," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა