გიგი წერეთელი შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე - შესაძლებელია, ეს ხელისუფლებას დამატებით ბერკეტებს აძლევდეს, რათა კონკრეტულ რეგიონებში მიიღოს ისეთი ზომები, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას შეზღუდავს

ჩემი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან ეჭვის თვალით შეხედავს ამგვარ ცვლილებებს, რომელიც შესაძლებელია, ხელისუფლებას დამატებით ბერკეტებს აძლევდეს, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. როგორც მან ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამ კანონპროექტით პრაქტიკულად კონსტიტუციური უფლებამოსილებების მთავრობისთვის გადაცემა და პარლამენტის პროცესისგან ჩამოშორება ხდება.

„არის ორი თემა. ერთი უკავშირდება კონკრეტულად გაფართოებულ, პრაქტიკულად კონსტიტუციური უფლებამოსილებების გადაცემას მთავრობისთვის და პარლამენტის ჩამოშორებას ამ პროცესისგან, რაც პირადად მე და ჩემს გუნდსაც მიაჩნია, რომ არასწორია. თუ ხელისუფლებას რაიმე უფრო ქმედითი ნაბიჯი დასჭირდება, ან სადმე სერიოზული მდგომარეობა იქნება, მაშინ მობრძანდეს პარლამენტში მთავრობა იმ წესით, როგორც დღეს არსებული კანონმდებლობით საგანგებო მდგომარეობა ცხადდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ან მის ნაწილზე და ვიმსჯელოთ. რა, შორსაა პარლამენტი? ქუთაისში ხომ აღარ დავდივართ, ხომ გადმოვიტანეთ? მოვიდეს, მოგვახსენოს თავისი აზრი, პარლამენტი ან დაუჭერს მხარს და ან არა. არაკონსტიტუციურობა სწორედ ისაა, რომ პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას გადამწყვეტი არ იქნება.

მეორე, რაც ჩემი აზრით, ამ პროცესის მთავარი ინსტიტუციური ნაკლია, ეს არის სწორედ ის, რომ გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკაზე. მთელ მსოფლიოში არის მოძრაობა, მოწოდება. ცოტა ხნის წინ ეუთო-ს საპარლამენტო ასაბლეამ, ევროსაბჭოსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტებმა ყველას მოუწოდეს, რომ პარლამენტი აქტიურად ფუნქციონირებდეს, მით უმეტეს მიუღებულია საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხზე პარლამენტის როლის ნიველირება. ამიტომ, ვფიქრობ, არასწორი ნაბიჯია. ეს არ შეესაბამება საპარლამენტო ქვეყნის მოდელს და იმ ამბიციას, რომელიც დღეს პარლამენტის გაძლიერებასთან დაკავშირებით არის“,-აღნიშნა წერეთელმა.

მისი ვარაუდით, შესაძლოა, ამ ცვლილებებს საერთაშორისო საზოგადოებამაც ეჭვის თვალით შეხედოს.

„ჩვენ გვსურს, რომ ამ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი ნორმალურად წარიმართოს. შესაბამისად, თუ ახლა საარჩევნო პროცესში ვართ და ოქტომბერში არჩევნები უნდა იყოს, ჩემი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან ეჭვის თვალით შეხედავს ამგვარ ცვლილებებს, რომელიც შესაძლებელია, ხელისუფლებას დამატებით ბერკეტებს აძლევდეს იმისთვის, რომ კონკრეტულ სოფლებში, რეგიონებში მიიღოს ისეთი ზომები, რომელიც თუნდაც პოლიტიკურ საქმიანობას შეზღუდავს. ვფიქრობ, ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია. რა თქმა უნდა, ამ ფორმით და დასაბუთებით, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი, არანაირად ამის მხარდაჭერა არ შეიძლება. ამას ჩვენი ფრაქციის და საპარლამენტო უმცირესობის სახელით ვამბობ“,-აცხადებს წერეთელი.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს