რომან გოცირიძე შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ კანონპროექტზე - პარლამენტი უპასუხისმგებლოდ იქცევა და მთავრობისადმი უფლებების გადაბარებას ახდენს, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს არღვევს

დაუშვებელია, ასეთი რეპრესიული ბერკეტებით მთავრობის აღჭურვა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. სამართლებლივად კი ეს კანონპტოექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

გოცირიძის განცხადებით, ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის საკითხს კონსტიტუცია აწესრიგებს და ეს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს ხდება, აღნიშნული კანონპროექტით კი მთავრობას, პარლამენტის გარეშე, ძირითადი უფლებების შეზღუდვა ჩვეულებრივ ვითარებაშიც შეეძლება.

„ეს კანონის არის პოლიტიკურად არადემოკრატიული და სერიოზული რისკების შემცველი. დაუშვებელია, ასეთი რეპრესიული ბერკეტებით მთავრობის აღჭურვა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. სამართლებლივად ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მთავრობას ეძლევა განუსაზღვრელი უფლებები შეზღუდოს მრავალი რამ. ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა შეიძლება, გარდა იმ უფლებებისა, რომელიც შეუზღუდავია. მაგ სიცოცხლის უფლებას ვერავინ შეზღუდავს, ძალიანაც რომ მოინდომოს ხელისუფლებამ, რადგან ქვეყანაში აკრძალულია სიკვდილით დასჯა. თუმცა ძირითადი უფლებების შეზღუდვასაც აქვს თავისი წესი და ეს განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. მაგალითად, შეკრების უფლება, შრომის უფლება, ეკონომიკური საქმიანობის უფლება, შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს. პროცედურულად, პრეზიდენტი აცხადებს ამ რეჟიმს თავისი დეკრეტით და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. საოცარი ის არის, რომ ის შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება დაწესდეს, ამ კანონით, მთავრობას პარლამენტთან დაუკითხავად შეუძლია დააწესოს ჩვეულებრივ ვითარებაში. ერთადერთი რამაა საჭირო - სადმე იყოს ვირუსი. მისი გავრცელების მასშტაბი და რისკი სუბიექტური რამაა და „ეპიდემიოლოგების რჩევებზე” იქნება დამოკიდებული,“ - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს პარლამენტი არის ერთადერთი უფლებამოსილი სუბიექტი, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და შეზღუდოს აღნიშნული უფლებები. გოცირიძის თქმით, პარლამენტი უპასუხისმგებლოდ იქცევა და მთავრობისადმი უფლებების გადაბარებას ახდენს, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს არღვევს.

„როდესაც ხდება ადამიანის უფლებების შეზღუდვა, პარლამენტი არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო, რომელმაც უნდა იმსჯელოს მის მიზანშეწონილობაზე, რისკებზე, საფრთხრის სიდიდეზე, უნდა იმსჯელოს, არის თუ არა შეზღუდვები პროპორციული, თანაზომიერი. უნდა იმსჯელოს, ხომ არ არის ამა თუ იმ სახის შეზღუდვის დაწესების მოთხოვნა პოლიტიკური ან კორუფციული ინტერესებით განპირობებული, მაგალითად, ბიზნესების შერჩევითი დახურვა კონკურენციის შეზღუდვის მიზნით. ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პარლამენტმა. ის კი იქცევა უპასუხისმგებლოდ და ახდენს უფლებების გადაბარებას მთავრობისადმი. ეს კანონპროექტი არღვევს ბალანსს ხელისუფლებათა შტოებს შორის, არღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს. არის ზოგიერთი უფლება, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშეც შეიძლება შეიზღუდოს, მაგრამ ესეც მიზანშეწონილებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ე. წ. „საკარანტინო ღონისძიებებს”, რაც არის მთავარი სიახლე ამ კანონპროექტში, თუ უნდა მთავრობას ზოგიერთი მისი მძიმე ფორმის გამოყენება საგანგებო მდგომარეობის გარეშე, მაშინ კანონში უნდა ჩაიდოს მისი პარლამენტთან შეთანხმების მექანიზმი. ნაცვლად იმისა, რომ თავისი მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები გაეძლიერებინა, პარლამენტი ამ სამი თვის განმავლობაში უმოქმედო იყო და ისე ჩაამთავრებს თავის ვადას, მთავრობას იქნება ბოლომდე მონდობილი. არ უნდა დავუშვათ დღეს ამ კანონის მიღება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

იხილეთ ვიდეო:კანონპროექტს, რომლითაც მთავრობას შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა