გია ვოლსკი - ისინი გველაპარაკებიან, ვინც ყველა კანონი დაარღვია - კანონი არ აძლევდათ უფლებას ხალხი ეწამებინათ ციხეებში, მაგრამ აწამეს

ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერ მთავრობას, კანონით თუ კანონის გარეშე, შეუძლია იმოქმედოს ისე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება მოქმედებდა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტს ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებმაც საკუთარი მმართველობის პერიოდში ყველანაირი კანონი დაარღვიეს.

„ის ხალხი გველაპარაკება, რომელმაც ყველანაირი კანონი დაარღვია. კანონი არ აძლევდათ უფლებას მაგალითად, რომ ხალხი ეწამებინათ ციხეებში, მაგრამ აწამეს, არ აძლევდათ კანონი საშუალებას, რომ დაეჭირათ და წაერთმიათ ხალხისთვის ქონება, ჯანმრთელობა და ღირსება, მაგრამ გააკეთეს. გამორიცხულია, რომ ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ვიღაც შეზღუდოს, გამოიყენოს უფლებამოსილება ისე, რომ ეს არ იყოს ვირუსთან ბრძოლის აუცილებლობით განპირობებული. ნებისმიერ პირობებში ნებისმიერ მთავრობას კანონით თუ კანონის გარეშე შეუძლია იმოქმედოს ისე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება მოქმედებდა, ლოგიკა აქ არის,"- აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმით, მთავრობას ოპერატიული მოქმედების საშუალება უნდა ჰქონდეს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები არსებობს, ამიტომ პარლამენტის როლის დაკნინებაზე საუბარი არარელევანტურია.

„გვეუბნებიან, რომ ყველა ნაბიჯის წინ უნდა იყოს პარლამენტთან შეთანხმება, როცა სულ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, ვითარების შესაძლო დამძიმება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ ვირუსის გაგრძელებას, ოპერატიულ მოქმედებებს მოითხოვს. მთავრობას უნდა ჰქონდეს მექანიზმები იმოქმედოს შესაბამისად,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს