თინა ბოკუჩავა - ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდება, თუ მიაჩნია, რომ ხალხის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ფულით რამდენიმე ათას ამომრჩეველს მოისყიდის

ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდება, თუ მიაჩნია, რომ ხალხის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ფულით რამდენიმე ათას ამომრჩეველს მოისყიდის და ამით შეცვლის იმ გარდაუვალ მარცხს, რაც მას შემოდგომის არჩევნებზე ელოდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად ფიქრობს არა ამომრჩევლის პრობლემების მოგვარებაზე, არამედ - ამომრჩევლის მოსყიდვაზე.

„ნახსენებია ის, რომ აღნიშნული ე.წ. შეღავათი ძალაში უნდა შევიდეს 1-ლი მაისიდან და 6 კალენდარული თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. რატომ მაინცა და მაინც 6 თვეს? რატომ არა, მაგალითად წლის ბოლომდე, რადგან გლობალური პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, დიდი ალბათობით, უფრო ხანგრძლივად გასტანს და ადამიანებს ასეთი შეღავათები დასჭირდებათ, მათ შორის როგორც მინიმუმ, წლის ბოლომდე. ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული 6 თვე პირდაპირ ერთი ერთში ემთხვევა საარჩევნო კალენდარს და სწორედ ამიტომ აირჩია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 6 კალენდარული თვე.

რამდენადაც ჩვენ ვიცით, განვითარებულ ქვეყნებში, არც ერთ ქვეყანაში ამგვარი კალენდარი არ მიუღიათ, სადაც 6 კალენდარული თვის მანძილზე ხდება ასეთი ტიპის ე.წ. შეღავათების დაწესება“,- განაცახდა ბოკუჩავამ.

მან მთავრობის გუნდის წევრებს მოუწოდა, დაასახელონ კონკრეტული მაგალითები და არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიაჩნიათ საჭიროდ, რომ მინიმუმ წლის ბოლომდე დაწესდეს აღნიშნული შეღავათები.

„სხვაგვარად, რა თქმა უნდა, ყველას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საარჩევნო კალენდარს ემთხევა, რომ ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ რეალურად კი არ ფიქრობს ამომრჩევლის პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე, არამედ უბრალოდ ცდილობს, ამით მოისყიდოს ამომრჩეველი, გააკეთოს იგივე, რაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა. არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ისაუბრა ამის თაობაზე, რომ დიახ, სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვის სქემა, რომელიც იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა დაანონსა, საპრეზიდენტო არჩევნების ბედის გადაწყვეტისას გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდება, თუ მიაჩნია, რომ ხალხის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ფულით რამდენიმე ათას ამომრჩეველს მოისყიდის და ამით შეცვლის იმ გარდაუვალ მარცხს, რაც მას შემოდგომის არჩევნებზე ელოდება“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

ასევე, 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან/და შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ექნება, ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადის გადახდის ვადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა