რომან გოცირიძე ხელისუფლებას - ვერ გაგიგიათ ვინ არის თვითდასაქმებული და ვინ არა - სანტექნიკოსებს, ძიძებს და უამრავ ადამიანს ცნობას სთხოვთ და იცით, რომ ვერ მოიტანს

ვერ გაგიგიათ ვინ არის თვითდასაქმებული და ვინ არა. სანტექნიკოსებს, ძიძებს და უამრავ ადამიანს ცნობას სთხოვთ და იცით, რომ ამ ცნობას ვერ მოიტანს. გაწირეთ საშიმშილოდ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ გარდა საშემოსავლო გადასახადზე შეღავათისა, პარლამენტში სხვა სამთავრობო პროგრამებთან დაკავშირებით კანონპროექტი არ შესულა და ჰაერში გასროლილი ფუჭი სიტყვებია, ვინაიდან არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.

„ჩვენ დღეს პირველად ვიხილეთ მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, შეიძლება ვუწოდოთ მისი ერთი ნაკუწი, ნაწილსაც ვერ ვუწოდებთ. მთელი ამ თვეების განმავლობაში, რაც მოატყუა ხალხი „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მთავრობამ, რეალური მისი სახე გამოჩნდა აქ. აი, ესაა მთელი ანტიკრიზისული პროგრამის შინაარსი, 150 ლარის შეღავათი იმ დასაქმებულებს, რომლებიც 1500 ლარამდე ხელფასს იღებენ. აი, ამით დამთავრდა თქვენი ეკონომიკური ფილოსოფია. დანარჩენი, რაც ილაპარაკეთ არაფერი არ მოსულა პარლამენტში. დანარჩენი ყველაფერი არის ჰაერში გასროლილი ფუჭი სიტყვები, ვინაიდან არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, არაა კანონში ასახული და არ აქვს არც ფინანსური ბაზა.

სად არის დახმარებები, რატომ არის საქართველო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ამ პანდემიის პირობებში არ გაუწია საკუთარ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც კი? დაგვისახელეთ ერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც კომპენსაცია არ გაწია. როდის მიიღებს პირველ დახმარებას შიმშილის ზღვარზე მისული ჩვენი მოქალაქე, რომელიც გამოკეტილი იყო სახლში იძულებით, რომელმაც დაკარგა სამუშაო ადგილი და რომელსაც ხელისფულებისგან არავითარი მხარდაჭერა არ მიუღია? მე გეკითხებით მთავრობას და ფინანსთა მინისტრს, როდის მიიღებს პირველ კომპენსაციას? აქ ბიუჯეტი წარმოდგენილი არაა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მან მთავრობა საგარეო დახმარებების შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ელოდება მთავრობისგან ბიუჯეტის წარდგენას, სადაც ფინანსური ნაწილი დეტალიზებული იქნება. რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას არავითარი გეგმა და რეალური გზები არ აქვს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლის 1-ელი მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.ასევე, 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან/და შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ექნება, ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადის გადახდის ვადა.

იხილეთ ვიდეო:ვერ გაგიგიათ ვინ არის თვითდასაქმებული და ვინ არა - სანტექნიკოსებს, ძიძებს ცნობას სთხოვთ და იცით, რომ ვერ მოიტანს - დისკუსია პლენარულ სხდომაზე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს