სალომე ზურაბიშვილმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინის კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და კორეელ ხალხს გუანგჯუს დემოკრატიზაციის მოძრაობის დღე მიულოცა, კორონავირუსის პანდემიისას საქართველოსათვის გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და სამძიმარი გამოთქვა კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მაღალი შეფასება მისცა კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ კორონას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.

„საუბრისას აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაზე წვდომის თანასწორობის უზრუნველყოფა. პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და მნიშვნელობაზე აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და სავაჭრო - ეკონომიკური დერეფნის თვალსაზრისით. ასევე, შავი ზღვის მნიშვნელობასა და ამ კონტექსტში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედებაზე. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს კორეის რესპუბლიკასთანაც ექნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მზაობა გამოხატა თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტებმა განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების შორის ორმხრივი ფრენებზე მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობა, რათა სწრაფად მოეწეროს ხელი ხელშეკრულებას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს უსაფრთხო ტურიზმის გახსნაზე და უსაფრთხო ტურიზმის დერეფნით სარგებლობაზე რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, შესაძლოა, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორისაც გაიხსნას ასეთი უსაფრთხო დერეფანი“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემია აჩვენებს, რომ მსოფლიო სოლიდარობას ნებისმიერ გლობალური გამოწვევისათვის პასუხის გაცემა შეუძლია და ამ თვალსაზრისით, მსოფლიომ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით პასუხზე უნდა იფიქროს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა კორეის პრეზიდენტს აპრილში წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მიულოცა, თავის მხრივ, კორეის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ კორეის ცესკომ საქართველოს ცესკოს კორონაპანდემიის დროს უსაფრთხო არჩევნების ჩატარების გამოცდილება გაუზიაროს.

სალომე ზურაბიშვილმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუკი ეს ვიზიტი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნისას შედგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა