ეკა ბესელია შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე - საპარლამენტო ქვეყანაში თავად პარლამენტის წევრები ასუსტებთ პარლამენტს

თავად პარლამენტის წევრები ასუსტებთ პარლამენტს საპარლამენტო ქვეყანაში. არის თუ არა ეს უხერხული, როდესაც თვითონ პარლამენტის წევრები არიან იმ კანონპროექტის ინიციატორები, რომელიც კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება და მთავარ პრინციპსაც, რომ საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტი იყოს მაკონტროლებელი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ბესელიას თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, იზღუდება ისეთი ძირითადი უფლებები, რომელთა შეზღუდვა მხოლოდ საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება.

„რატომ არის ის, რომ ამ კანონპროექტში ისეთი ძირითადი უფლებები იზღუდება, რომელიც მხოლოდ საომარი და საგანგებო მდგმარეობის დროს შეიძლება შეიზღუდოს? ასეთია: მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, პიროვნების თავისუფლების ხელშეუხებლობა იმიტომ, რომ იზოლაცია სწორედ ამ ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს შესაძლო ინფიცირებული პირების შემთხვევაში. ასევე ისეთი უფლებები როგორებიცაა: პირთა შეკრების უფლება და ა.შ. ეს არის ის კონსტიტუციური გარანტიები, რომლებიც მასიურად იზღუდება მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის თანხმობით, ინდივიდუალურ შემთხვევებში ეს ისედაც იზღუდება თუ ამის საჭიროებაა. რომელმა შემთხვევამ ან რომელმა სამართლებრივმა ნორმამ შეუქმნა მთავრობას პრობლემა ან შეუქმნის პრობლემას, თუკი ეს კანონი არ იქნება მიღებული? რა არის ის გარემოება, რომელიც პარლამენტის გარეშე შეძლებდა პრობლემის შექმნას მთავრობისთვის, თუკი ასეთი საფრთხე არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავარი პრინციპი, რის გამოც ყველა აკრიტიკებს ამ კანონპროექტს, გარდა უმრავლესობის წევრებისა, არის ის, რომ იმიტომაა კონსტიტუციურად ხელისუფლების დანაწლების პრინციპი, რომ მთავრობას პარლამენტის გარეშე არ ჰქონდეს ასეთი შეზღუდვების გამოყენების უფლება, რომ მისი გამოყენების საწყის ეტაპზევე იმსჯელოს პარლამენტმა. თავად პარლამენტის წევრები ასუსტებთ პარლამენტს საპარლამენტო ქვეყანაში. არის თუ არა უხერხული, როდესაც თვითონ პარლამენტის წევრები არიან ინიციატორები იმ კანონპროექტისა, რომელიც კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება და მთავარ პრინციპსსაც საპარლამენტო ქვეყანაში რომ პარლამენტი იყოს მაკონტროლებელი“,- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო