ომბუდსმენმა პარლამენტს მიაწოდა რეკომენდაციები, რა კრიტერიუმები უნდა იყოს კანონპროექტში გათვალისწინებული, რათა უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს

საქართველოს სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მოსაზრებები წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესიუსს“ ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველი სრულად აცნობიერებს პანდემიის დროს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გარკვეული შეზღუდვების შემოღების საჭიროებას, თუმცა ამ შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არ არის.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიაწოდა რეკომენდაციები, თუ რა კრიტერიუმები და სტანდარტები უნდა იქნეს კანონპროექტში გათვალისწინებული იმისათვის, რომ უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს.

„კანონპროექტის თანახმად, მთავრობა აღიჭურვება უფლებამოსილებით კანონმდებლობისაგან განსხვავებულად მოაწესრიგოს საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრასთან დაკავშირებული და სხვა საკითხები.

სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია კანონით ნათლად განისაზღვროს მთავრობისათვის/სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიეთითოს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი, რათა დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ასევე აუცილებელია ყველა შეზღუდვის დასაბუთება და გარკვეული ბუნდოვანი დებულებების განმარტება კანონპროექტში. ამ საკითხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მივიღებთ არაკონსტიტუციურ რეგულირებას.

წერილობით მოსაზრებაში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლო კონტროლის მნიშვნელობას. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა იყოს მკაფიო, მოთავსებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ამ კანონპროექტით ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შექმნას შესაბამისი გარანტიები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში ჩარევის შემთხვევებზე ეფექტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად (შემცირებული სასამართლო განხილვის ვადების შემოღების გზით).

საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა ასევე მოსაზრებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს ენიჭება დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვის შესაძლებლობა. მიგვაჩნია რომ აუცილებელია კანონპროექტის მოდიფიცირება და მხოლოდ ისეთი სხდომების ჩატარება დისტანციურად, რომელთა გადადებაც გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს.

ჩვენს წერილობით მოსაზრებაში შემოთავაზებული გვაქვს ალტერნატიული ფორმულირებები. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს მოსაზრებებს. თავის მხრივ, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას სამუშაო ფორმატში მივაწოდოთ დამატებითი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში.

იხილეთ მოსაზრებების სრული ელექტრონული ვერსია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო