თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი, რა სახითაც არის შემოთავაზებული, აუცილებლად გასაჩივრდება სასამართლოში და ჩემი მოლოდინია, რომ აუცილებლად გაუქმდება

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი რა სახითაც არის შემოთავაზებული, აუცილებლად გასაჩივრდება სასამართლოში და მოლოდინი აქვს, რომ აუცილებლად გაუქმდება.

როგორც ჩუგოშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის და სერიოზული საფრთხის მატარებელი.

"რა თქმა უნდა, საზოგადოების ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ამ ვირუსისგან დაცვა არის სერიოზული ინტერესი. დღეს, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, რომ მთელი რიგი შეზღუდვები და ვალდებულებები დააწესოს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან საფრთხის მატარებლები, დააწესოს გარკვეული წესები და ა.შ.. ინიციატივა, რომელიც დღეს არის შემოტანილი, ფაქტია, რომ არის ძალიან სერიოზულ კონფლიქტში კონსტიტუციასთან, მკაფიოდ არაკონსტიტუციურია. პირდაპირი ჩანაწერებია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაგრამ გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციურია, რა სახითაც არის შემოტანილი სერიოზული საფრთხის მატარებელია. ანუ, ეს ინიციატივა ამბობს იმას, რომ საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება გამოაცხადოს, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობა ისე, რომ ამაში უბრალოდ გამოიროცხოს პარლამენტის როლი. ანუ, არ ერქვას საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ შეზღუდვები იყოს იგივე ხარისხის, რა ხარისხის შეზღუდვებიც არის შესაძლებელი საგანგებო მდგომარეობის დროს. ეს არის ფუნდამენტური აღრევა კონსტიტუციური მანდატის, ხელისუფლების დანაწილების და ა.შ.. ბოლოს და ბოლოს, არის კონკრეტული საფრთხეების შემცველი. თან, მითუმეტეს, როცა არჩევნებს ვუახლოვდებით და როცა უკვე ოპოზიციის წარმომადგენლებს უჩნდებათ ეჭვები, რომ მათი შეხვედრების, ღონისძიებების, მათი კამპანიის შესაზღუდად იქნება გამოყენებული. მე, არ ვიცი, როგორ იქნება გამოყენებული, შესაძლოა, ეს ძალიან კეთილსინდისიერადაც გამოიყენოს ხელისუფლებამ, მაგრამ თვითონ ის ნორმა და კანონი, რა სახითაც არის შემოთავაზებული, ის აუცილებლად გასაჩივრდება სასამართლოში და ჩემი მოლოდინია, რომ აუცილებლად გაუქმდება", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა