პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით (80 მომხრე, 3 წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი არც ოპოზიციამ და არც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ამ ცვლილებების ერთადერთი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვაა.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას შესთავაზა, ის შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც აღნიშნული კანონპროექტით დგინდება, იყოს დროებითი და გარდამავალ დებულებაში მისი ვადა 15 ივლისამდე ჩაიწეროს. დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებებს სწორედ ამ დათქმით დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.

კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ "პროცესები უმართავი არ გახდეს."

„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა