საგარეო უწყება - კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ მერეთში, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის დაწყებასა და რუსეთის ფედერაციის გახშირებულ პროვოკაციებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს 21 მაისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ სოფელ მერეთში, გორის მუნიციპალიტეტი, ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის დაწყებასა და ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის გახშირებულ პროვოკაციებს,- ამის შესახებ საგარეო სქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელო ბანერებისა და ე.წ. ცეცხლსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით.

"მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდასა და ჭვრინისის, ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფახულანისა და მუჟავას, აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ამასთან, რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები საქართველოს წინააღმდეგ და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის ერთი შეხედვით აბსურდული და კომიკური ბრალდებები, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხელოვნურად გაავრცელა კორონავირუსი და რეგიონის მაცხოვრებლებისგან აიღო ბიოლოგიური მასალები, რეალურად ემსახურება საქართველოს მთავრობის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის შერყევისა და ადგილზე მართული ქაოსის შექმნის ამოცანას. ხაზს ვუსვამთ, რომ დეზინფორმაციის მსგავსი კამპანია რუსეთის მხრიდან წარმოადგენს ღია თავდასხმას საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ყველა ზემოხსენებული მიმართულებით რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები წარმოადგენს მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედებით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ლევან კლიმიაშვილი - ტექნიკურ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების ჩატარება გენერალური რეპეტიცია იყო ფინალური გამოცდებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ