ჩვენ დღეს დავესწრებით სხდომას, ვინაიდან, როგორც ბავშვს არ შეიძლება ასანთი დააჭერინო ხელში და ყურადღება არ მიაქციო, ასევე არ შეიძლება, რომ ამათ მეთვალყურედ არ დაუდგეთ. ზედამხედველობას გავუწევთ, რომ რაიმე არ იცუღლუტონ, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონპროექტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი კანონპროექტში ჩასწორებებს სახალხო დამცველის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ზეწოლის შედეგად იღებს.
"როგორც იტყვიან, ამათ ჩვენი მტერი ენდო, შეიძლება ხვალ ან დღეს კვლავ შეცვალონ ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული. გუშინ ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის ზეწოლის შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა კანონპროექტი, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ის იმოქმედებს ერთი თვე, ეს არის უკვე კარგი, რადგან კანონი ფაქტობრივად არ იარსებებს ამ დროის გასვლის შემდეგ. კარგია, რომ ბევრი ძალიან მახინჯი ნორმა იქნება ჩასწორებული, როგორც გვპირდებიან და გაითვალისწინებენ სახალხო დამცველის შენიშვნებს. ესეც არის გუშინდელი ჩვენი ბრძოლის მიღწევა,"- განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, ცვლილებების მიუხედავად, კანონპროექტი არაკონსტიტუციურად რჩება და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
"რაც შეეხება მთლიანად ამ კანონის პოლიტიკურ არსს, ის არის არადემოკრატიული, მიუხედავად ამ ცვლილებებისა, ვერ მოიხსნა საკითხი მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ. ის კვლავ რჩება ანტიკონსტიტუციურად და იგი მაინც გასაჩივრებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ დავესწრებით დღეს სხდომას, ვინაიდან, როგორც ბავშვს არ შეიძება ასანთი დააჭერინო ხელში და ყურადღება არ მიაქციო, ასევე არ შეიძლება რომ ამათ მეთვალყურედ არ დაუდგეთ აქ. ერთია რას ამბობენ და მეორეა- რას მიიღებენ. ვიცით რა ამათი საფირმო ცხოვრების ნიშანი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოტყუება ამომრჩევლის, საერთაშორისო თანამეგობრობის, ამიტომ ბოლომდე ვიქნებით აქ და გავუწევთ მეთვალყურეობას და ზედამხედველობას, რომ რაიმე არ იცუღლუტონ აქ და რაიმე არ შეცვალონ,"- განაცხადა გოცირიძემ.