გია ვოლსკი შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე - ოპოზიციას ეჭვები ჰქონდა, რომ საარჩევნოდ ხელისუფლება ხალხს, განსაკუთრებით მათ მომხრეებს, სახლებში გამოკეტავდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, შეზღუდვების შესახებ კანონპროექტში ცვლილებები და დათქმა შეზღუდვების გარკვეული ვადით მოქმედების შესახებ სპეკულაციების დღის წესრიგიდან მოსასხსნელად შეიტანეს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებს საგანგებო მდგომარების რეჟიმში ვერ მიიღებენ.

„ოპოზიციას ეჭვები ჰქონდა, რომ საარჩევნოდ ხელისუფლება ხალხს, განსაკუთრებით მათ მომხრეებს, სახლებში გამოკეტავდა და რაღაც უპირატესობას მოიპოვებდა. ამ ეჭვების რეალობის მე პირადად არ მჯერა, მე მგონი უფრო მაინც სპეკულაციური იყო, თუმცა ამ სპეკულაციების დღის წესრიგიდან მოსახსნელად წინადადება მივეცით, რომ 15 ივლისამდე მიეცეს ხელისუფლებას მოქმედების საშუალება, თუკი ამის გადაუდებელი აუცილებლობა იქნება და არ დაგვავიწყდეს მთავარი - ვერანაირად ვერ მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ გავაგრძელებთ საგანგებო მდგომარეობას. ამის ალტერნატივა არის ის, რასაც ვთავაზობთ, ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე ჩაკეტილი ვადით ", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, კონკრეტული თარიღი, სადამდეც შემზღუდავი ღონისძიებების გატარება იქნება შესაძლებელი, მსჯელობის შედეგად გადაწყდება.

ამასთან, ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ისწრაფვის იქითკენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული შეთანხმება ჩაიშალოს.

„კონსტიტუციურობის თემაზე შეიძლება გავაგრძელოთ კამათი, მაგრამ ეს კამათი მიგვიყვანს იქამდე, რეალურად რა სურათიც არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" კლასტერს, სადაც უპირატესობა ბოლო პერიოდში „ევროპულმა საქართველომ" მოიპოვა, რეალურად უნდა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომაროება. მეორე მხრივ, აუცილებელია, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რათა ახალი საარჩევნო სისტემა შემოვიღოთ, მესამე ვარიანტი არის, რომ ჩავშალოთ ის შეთანხმება, რომელიც გვაქვს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. მესამე ვარიანტისკენ მსვლელ ოპოზიციას უფრო ვხედავ, ვიდრე კონსტრუქციულ მსჯელობაზე განწყობილს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ