შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს დღეს რედაქტირებული სახით წარედგინა, სადაც ჩაიწერა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება დროებით იქნება შესაძლებელი

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს დღეს მეორე მოსმენით რედაქტირებული სახით წარედგინა.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის ინიცირებულ ვარიანტში არ იყო მითითებული, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საკარანტინო ღონისძიებების, მათ შორის გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დროებით, პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული თარიღი, სადამდეც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეეძლება, კანონპროექტის რედაქტირებულ ვარიანტში არ ჩაწერილა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, ეს თარიღი მსჯელობის შედეგად გადაწყდება.

შესაბამისად, კანონპროექტის რედაქტირებულ ვარიანტში საკარანტინო ღონისძიებები განიმარტება როგორც ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა შეხება ან შესაძლოა ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; გარდა ამისა, საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კანონპროექტის მეორე მოსმენით წარმოდგენილ ვარიანტს ინიცირებულისგან განასხვავებს, 453 მუხლის მესამე პუნქტს შეეხება. ამ პუნქტის თანახმად, უფლების შეზღუდვა უნდა იყოს: საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული; კანონით ან/და სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული; დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი; არადისკრიმინაციული; პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.

კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ "პროცესები უმართავი არ გახდეს."

„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს