თამარ ჩუგოშვილი შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე - ცვლილებების მიუხედავად, მის მხარდაჭერას არ ვაპირებ - პასუხი არავის გაუცია, კონკრეტულად რა ზომების გასატარებლად სჭირდებათ

გუშინ რაც იყო შემოთავაზებული, სრულიად მიუღებელი იყო. მასკარადი კი არა სირცხვილია, როცა ასეთი კანონპროექტი გამოდის საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კარგია, რომ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები მაინც შევა.

„მიხარია, რომ რაღაც ცვლილებებს როგორც ჩანს, მეორე მოსმენისთვის ვნახავთ. მე რაც ვნახე, გადატანილია დროებითი ნორმა, ოღონდ ჯერ არ ჩანს როდემდე იმოქმედებს. ასევე, როგორც ჩანს, სახალხო დამცველოს რეკომენდაციებიც გაითვალისწინეს. ამიტომ ვნახოთ, მეორე მოსმენაზე რა ვერსიას მოიტანენ. გუშინ რაც იყო შემოთავაზებული, იყო სრულიად მიუღებელი. მასკარადი კი არა სირცხვილია, როცა ასეთი კანონპროექტი გამოდის საქართველოს პარლამენტში.

კანონპროექტისთვის მხარდაჭერას არ ვაპირებ, თუნდაც იმ სახით, რა სახითაც მე ახლა ვხედავ, მე ის არ მიმაჩნია გამართულად და სრულად შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან. თუმცა, ბევრად უფრო დიდი იქნებოდა საფრთხე და ბევრად მეტი იქნებოდა წინააღმდეგობა, ეს რომ ყოფილიყო უვადო ჩანაწერი, ანუ უვადოდ მოქმედი ნორმა და არა ერთთვიანი შეზღუდვა. მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეზღუდვები არის აუცილებელი, პასუხი არავის გაუცია, კონკრეტულად რისთვის სჭირდებათ, რა ზომების გასატარებლად. კოლეგებს გაუჩნდათ ეჭვები, რომ მაგალითად, პარტიული საქმიანობა, შეკრებები, ყრილობები - მსგავსი ღონისძიებების ასაკრძალად შეიძლება იყოს გამოყენებული შეზღუდვების ეს ერთთვიანი პერიოდი, მაგრამ ამას ვერ გეტყვით, თუ არ მოხდა ასეთი რამ, წინასწარ მე ამას ვერ ვივარაუდებ. თუმცა, კითხვაზე - რატომ არ არის საკმარისი, ის რაც უკვე გვაქვს კანონში და დამატებით კონკრეტულად რა არის საჭირო - ამაზე პასუხი ვერ მივიღე,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონპროექტით მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტის თანახმად, ამ შემზღუდავი ღონიძიებების გატარება დროებით იქნება შესაძლებელი და არა - უვადოდ.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ