თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - რა ლოგიკა შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ, რომ ადამიანებისთვის ფუნდამენტალური უფლებების შეზღუდვა 15 ივლისამდე მისაღები იყოს?

დღეს გვეუბნებით, რომ არ მივიღოთ არაკონსტიტუციური კანონი უვადოდ, მაგრამ მივიღოთ ეს არაკონსტიტუციური კანონი 15 ივლისამდე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა, თუ რა ლოგიკას ეფუძნება ის, რომ ადამიანის უფლებების შეზღუდვა და საპარლამენტო კონტროლის გაუქმება უვადოდ არა, თუმცა 15 ივლისამდე მოხდება.

„როგორც ჩანს, შეთახმდით იმაზე, რომ ეს კანონი იყო არაკონსტიტუციური, რომ კანონი ეწინააღმდეგებოდა იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც საქართველოს აქვს აღებული და ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ შეზღუდოთ ვადებში. დღეს გვეუბნებით, რომ არ მივიღოთ არაკონსტიტუციური კანონი უვადოდ, მაგრამ მივიღოთ არაკონსტიტუციური კანონი 15 ივლისამდე; არ შევზღუდოთ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ შევზღუდოთ ეს ფუნდამენტური უფლებები 15 ივლისამდე; არ გავაუქმოთ პარლამენტი უვადოდ და არ წავართვათ მას საპარლამენტო კონტროლის ბერკეტი უვადოდ, მაგრამ გავაუქმოთ პარლამენტი 15 ივლისამდე. რა ლოგიკა შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ იმისთვის, რომ ორივე ეს პრობლემა დარჩეს 15 ივლისამდე, რომ პარლამენტის გაუქმება 15 ივლისამდე მისაღები იყოს, რომ ადამიანებისთვის ფუნდამენტალური უფლებების შეზღუდვა ასევე 15 ივლისამდე მისაღები იყოს“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა ასევე განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ პოლიტიკური ბოიკოტი დღეს ერთჯერადად დაარღვია.

„ჩვენ ვიმყოფებით პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. უბრალოდ, როდესაც განიხილება კანონი, რომელიც შეზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აუქმებს პარლამენტის როლს, ვალდებულად ვთვლით თავს, რომ საგანგებო ვითარებაში, საგანგებოდ და ერთჯერადად შემოვიდეთ პარლამენტში, რომ კარგად გაიგოს საქართველოს მოქალაქემ, რაზეა საუბარი. სხვაგვარად შეხმატკბილებულად და ერთ ხმაში წარიმართებოდა ეს დისკუსია“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონპროექტით მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტის თანახმად, ამ შემზღუდავი ღონიძიებების გატარება დროებით იქნება შესაძლებელი და არა - უვადოდ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო