ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - პოლიტიკურად როგორ დადიხართ გალაწუნებულები, თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს

პოლიტიკურად როგორ დადიხართ გალაწუნებულები, თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს, - ასე მიმართა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს. მან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ურჩია, მათი დამოკიდებულების მიმართ საზოგადოებას აზრი ჰკითხონ.

„როგორც ჩანს, თქვენ შეკვეთების როტორიკას არ ცვლით. ბატონი მერაბიშვილი რას უკვეთავდა და რას იღებდით, ესეც კარგად ვიცით. თუ ამ რიტორიკით გააგრძელებთ და როგორც ჩანს, სვლას აგრძელებთ, კიდევ დიდხანს დარჩება ეს განაჩენი ძალაში. რაც შეეხება გალაწუნებას, რომელიც ახსენეთ, მე თქვენ ამას არ გაკადრებთ, თუმცა პოლიტიკურად როგორ დადიხართ გალაწუნებულები თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს. გუშინ გამობრძანდით და არაკონსტიტუციურობაზე ისაუბრეთ, საღამოს კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტს. თქვენმა კოლეგა, თინა ბოკუჩავამ ამას მხარი არ დაუჭირა. ჩამოყალიბდით, ხომ არ გაემიჯნეთ ერთმანეთს, სხვადასხვა პოზიციებს ხომ არ აფიქსირებთ, რომ ჩვენ და ჩვენმა საზოგადოებამაც იცოდეს. ასე, რომ პოლიტიკურად გალაწუნებულები ვინ დადიხართ, აქედანაც ჩანს. გირჩევთ, ამ ტერმინოლოგიით არ ისაუბროთ. თუ ქუჩაში გინდათ, გავიდეთ და აზრი საზოგადოებას ვკითხოთ. გთავაზობთ გავიაროთ ქუჩაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაწყნარება მოგვიწევს იმისთვის, რომ რეაქციები არ ჰქონდეთ თქვენს ასეთ უტაქტო გამონათქვამებზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მან ოპონენტებს „სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ“ მოუწოდა.

„გთხოვთ, პოლიტიკურ სპეკულაციებსა და თამაშებს მოეშვით, მითუმეტეს, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით ხოლმე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წარმომადგენელი პროექტს მხარს უჭერს და მეორე ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონპროექტით მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტის თანახმად, ამ შემზღუდავი ღონიძიებების გატარება დროებით იქნება შესაძლებელი და არა - უვადოდ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო