პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით (79 მომხრე) დაამტკიცა.

„ტყის კოდექსის“ პროექტის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ტყის კოდექსში მოცემული ტყის მართვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები საფუძვლად უნდა დაედოს ტყის მდგრად მართვას.

კოდექსის თანახმად, ტყის რესურსი განიმარტება, როგორც როგორც ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტების, ხის მეორეხარისხოვანი მასალების და ხე-ტყის ნარჩენის ერთობლიობა. ტყის ახალი განმარტება ეხმიანება პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ეროვნულ სატყეო კონცეფციას და ასევე, ის შესაბამისობაშია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ მიღებულ ტყის განმარტებასთან.

„ტყის კოდექსის“ პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის ფართობები შემდეგ კატეგორიებად იყოფა:

ა) დაცული ტყე - დაცული ტყის მართვის ამოცანაა ბიომრავალფეროვნებისა და იშვიათი ან/და საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისა და მოწყვლადი ეკოსისტემების დაცვა;

ბ) დაცვითი ტყე - ამ კატეგორიის ქვეშ მოქცეულ ტყეში მართვის ამოცანად განსაზღვრულია ტყეების დაცვითი ფუნქციების (მარეგულირებელი ეკოსისტემური სერვისების) შენარჩუნება და გაძლიერება;

გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყე; - ტყის მართვის კატეგორია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ტყის კურორტოლოგიური ფუნქციის, ლანდშაფტებისა და ბუნების კონკრეტული ელემენტებისა და ტყეში არსებული ისტორიული ძეგლების დაცვაზე;

დ) სამეურნეო ტყე - სამეურნეო ტყის მართვის ამოცანაა, ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობა, ტყეების დაცვითი ფუნქციების შენარჩუნებით.

გარდა ამისა, კოდექსი აწესრიგებს ტყით საერთო სარგებლობის საკითხებს. ტყით საერთო სარგებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფო ტყეში ტყის არამერქნული რესურსების, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ფიჩხის თავისუფალ ხელმისაწვდომობას პირადი მოხმარების მიზნით. იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მოსახლეობის სოციალური ინტერესების და ტყის საერთო სარგებლობის უფლების რეალიზაციისთვის.

ტყით საერთო სარგებლობის უფლება მოიცავს ამ უფლებით მოსარგებლე პირის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ტყეს და დაიცვას მისი სიმდიდრე, ხოლო ისეთი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც ზიანს აყენებს ბუნებრივ გარემოს, აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს. დაუშვებელია ტყით საერთო სარგებლობის უფლების მქონე პირის მიერ საკუთარი ინიციატივით ტყეში ინვაზიური და გენეტიკურად მოდიფიცირებული სახეობების დარგვა, შხამ-ქიმიკატებისა და ტყის დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება.

„ტყის კოდექსის“ პროექტი ასევე აწესრიგებს ტყის სპეციალური სარგებლობის საკითხებს. განსაზღვრულია ტყითსარგებლობის სახეები, რომელიც ხორციელდება ტყის მდგრადი მართვის ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის შემდეგი სახეები:

ა) სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადება;

ბ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;

გ) პლანტაციური მეურნეობის მოწყობა;

დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;

ე) საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა;

ვ) სამონადირეო მეურნეობისა და თევზის მეურნეობის მოწყობა;

ზ) ცხოველთა თავშესაფრის და სანაშენის მოწყობა;

თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება;

ი) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა.

კ) განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობა.

კოდექსის პროექტის ერთ-ერთი თავი ეთმობა, საქართველოს ტყის კოდექსის მოწესრიგების სფეროს ერთ-ერთი ცენტრალური საკითხის - საქართველოს ტყის დაცვის მოწესრიგებას. კოდექსის თანახმად, ტყის დაცვა გულისხმობს მის დაცვას ხანძრებისგან, მავნებლებისა და დაავადებებისაგან, ტყითსარგებლობისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების დადგენილი წესების დარღვევებისაგან, უკანონო ჭრებისგან, სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისაგან და სხვა უარყოფითი ანთროპოგენული ზემოქმედებისაგან. ტყის დაცვის ღონისძიებები არის ტყის მართვის გეგმის შემადგენელი ნაწილი. ტყის დაცვის ღონისძიებებს გეგმავს და ახორციელებს ტყის მართვის ორგანო ან მისი ზედამხედველობით შესაბამისი პირები.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა