მამუკა ბახტაძე - ისეთი კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, რომელსაც მსოფლიო ომის მსგავსი გამანადგურებელი ეფექტი გააჩნია - მოსალოდნელია, ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება ორნიშნაც იყოს

პოსტპანდემიურ სამყაროს დასჭირდება ინვესტიციები ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. საქართველო წარმატებულია გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, რაც ძირითადად განპირობებულია 2013 წელს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით განხორციელებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის რეფორმით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოცემა Emerging Europe -ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმატებულ მუშაობასთან ერთად, ამ რეფორმამ ქვეყნის უმაღლესი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სრული ტრანსფორმაცია მოიცვა.

როგორც ბახტაძე წერს, ეს მიდგომა იყო გარანტი იმისა, რომ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა შესაბამისად იყო მზად და ასეთი გლობალური მასშტაბის კრიზისის შეკავება შეძლო.

„ამავდროულად, მსოფლიოს ჩვენს ნაწილში საქართველო ნამდვილ გამონაკლისად და ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ქვეყნად მიიჩნევა, რაც ბიზნესის კეთების სიმარტივის და მსგავსი რეიტინგებით დასტურდება. ამასთანავე, ჩვენ შევძელით ვქცეულიყავით ერთ-ერთ ისეთ ქვეყნად, სადაც საგადასახადო ტვირთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. რეკორდულად დაბალია როგორც საბიუჯეტო დეფიციტი, ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც. თანმიმდევრულად გავზარდეთ სუვერენული საკრედიტო რეიტინგები. თუმცა, ეს არ არის საკმარისი“, - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე Emerging Europe -ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს მიღწევები უნდა შეივსოს ადამიანური კაპიტალის პერმანენტული განვითარების პროცესით და სწორედ ეს იქცევა წარმატების ფორმულად, რაც საქართველოს ხარისხობრივად მაღალი დონის ეკონომიკური განვითარების მიღწევაში დაეხმარება.

„დასკვნები ყოველთვის უნდა გაკეთდეს და ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაკეთებული ერთ-ერთი ასეთი დასკვნაა მდგრადობისა და ინკლუზიურობის მნიშვნელობა. ამ ფაქტორების საშუალებითაც მსოფლიო მუდამ შეძლებს გლობალური პანდემიის მსგავსი მასშტაბური მოვლენის უარყოფითი გავლენის მინიმუმამდე დაყვანას“, - წერს ბახტაძე.

ამასთან, ის სტატიაში განიხილავს პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ტრანსფორმაციის ახალ, სრულიად განსხვავებული სახის ისტორიულ ზღურბლზეა.

„დღეს მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. თანამედროვე ისტორიაში სრულმასშტაბიანი ომი პირველად მძვინვარებს მთელს მსოფლიოში ისეთ ვირუსთან, რომელსაც ნამდვილად აქვს გლობალურად რაიმე სახის გავლენა თითოეულ მოქალაქეზე.ნამდვილად უჩვეულო დროს მოვესწარით: ისეთი კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, რომელსაც მსოფლიო ომის მსგავსი გამანადგურებელი ეფექტი გააჩნია. არსებული ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურა არა მხოლოდ სახეს იცვლის, არამედ სოციალური გადაწყობის აგენტადაც გვევლინება. სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ომს ტექნოლოგიური პროგრესი მოსდევს, თან იდეების უფრო სწრაფი გავრცელება ხდება და იმაზე უფრო დიდი ტემპი ახასიათებს, ვიდრე ნებისმიერი სახის კომერციული აქტივობა. ამდენად, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ტრანსფორმაციის ახალი, სრულიად განსხვავებული სახის ისტორიულ ზღურბლზე ვართ. ჩვენ ვხედავთ გარდატეხათა სრულიად ახალ ტალღას არა მხოლოდ ჯანდაცვის ან ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, ზოგად პროტოკოლებში ან არსებულ ფასეულობათა ჯაჭვში, არამედ ასევე სრულიად ახალი სახის მეტამორფოზის მომსწრენიც ვართ, რომელიც გავლენას ახდენს სოციალური ყოფაზე, მომხმარებელთა ქცევის მოდელზე და ყოველდღიურობის სხვა ელემენტებზე. უპრეცედენტო მასშტაბისა და მუხტის მქონე ტრანსფორმაციის პერიოდში ვიმყოფებით“, - აღნიშნავს ბახტაძე.

მისივე თქმით, გლობალური სისტემა პანდემიის უარყოფითი გავლენის მსხვერპლად იქცა და დომინოს ეფექტი იქონია.

„ამასთანავე, ვიხილეთ, რომ გლობალური სისტემა პანდემიის უარყოფითი გავლენის მსხვერპლად იქცა და დომინოს ეფექტი იქონია. მსოფლიო ეკონომიკაში განსხვავებული გრავიტაციის წერტილებია და ყველა მათგანი თავის არეალს მიემართება. მაგალითად, გვაქვს ჰაბები, რომლებიც წარმოების მთავარი მამოძრავებელი ძალაა მაშინ, როდესაც სხვები წარმართავენ მომსახურების სფეროს და არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაზე დიდ მომხმარებლებად გვევლინებიან. ამგვარი გადანაწილება განაპირობებს დომინოს ეფექტს და აფეთქებების ჯაჭვს წარმოქმნის. ამ კრიზისმა დაგვანახა მრავალპროფილურობის მნიშვნელობა, რადგან ნამდვილად არსებობს სივრცე შედარებით მცირე ზომის ჰაბებისთვის, რომლებიც განსხვავებული ეკონომიკური აქტივობების სინდიკატები იქნებიან. მკითხველმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ ვარ გლობალიზაციის წინააღმდეგი, პირიქით. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ამ გლობალური ფენომენის უარყოფით ნიშნებს და რისკებს უნდა ვიცნობდეთ და გადავწონოთ. ამისათვის ერთერთ მექანიზმად გთავაზობთ მრავალპროფილურ ჰაბებს.

ამგვარი ცენტრების შექმნა თავისუფლადაა შესაძლებელი ისეთი მოთამაშეებით, რომლებსაც სურთ იკისრონ გაცვლის ფუნქცია, იქნება ეს სოციალურ, კულტურულ თუ ეკონომიკურ სფეროებში“, - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე Emerging Europe -ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი სწორედ ამ მიმართულებით მოიაზრებს საქართველოს და მსგავსი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა მოხდეს რადიკალური, თუმცა აუცილებელი - რეფორმების განხორციელება.

„სწორედ აქ ვხედავ საქართველოს და მისი მსგავსი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა მოხდეს რადიკალური - ხშირად ნაკლებად პოპულარული, თუმცა აუცილებელი - რეფორმების განხორციელება. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია გლობალურ პანდემიასთან ერთად უკვე გახდა ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის დაჩქარებული ტალღის ძლიერი კატალიზატორი. ძალიან ცნობილი გამონათქვამია „სასოწარკვეთილ დროს სასოწარკვეთილი ზომებია საჭირო“. სწორედ ასეთი მრწამსით უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ და მსგავს სიტუაციაში მყოფი ყველა ქვეყნის მთავრობამ. რეალურად, ყველაფერი რომ გავამარტივოთ, მე ვქომაგობ კონკურენტუნარიანობას, რაც მომატებულ გამძლეობას და მდგრადობას გულისხმობს. ეს ელემენტები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფასეულობათა ჯაჭვის გადაწყობის პროცესი დაიწყება. ეს პროცესი გარკვეულწილად დაიწყო კიდეც, თუმცა სრულ ფაზაში პანდემიის კლებისას შევა. საქართველოს მსგავსი ქვეყნები (ვგულისხმობს მათ, რომლებსაც მიზნად აქვთ დასახული ყველა საჭირო წინაპირობის შექმნა მრავალ-პროფილურ ჰაბებად ქცევისთვის) მზად უნდა იყვნენ ახლად-შექმნილ ბიზნეს მოდელებში პოზიციონირებისთვის, საკუთარი სარგებლის დემონსტრირებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის საკუთარი შეთავაზების გაცნობისთვის. აქ კი ადამიანური კაპიტალის განვითარების დანიშნულება იკვეთება“, - ამბობს პრემიერი სტატიაში.

ის ასევე მიიჩნევს, რომ რადიკალური ტრანსფორმაციის მოსალოდნელი ეფექტის სრული კაპიტალიზაციისთვის მთავრობებმა ინვესტიციები ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ და შრომითი ბაზრის გადაწყობისკენ უნდა მიმართონ.

„საქართველოს მაგალითი შეიძლება ამის დიდებული პრეცედენტი იყოს. გასულ წელს მივიღეთ კანონი, რომლის თანახმად, ყოველმა შემდგომმა მთავრობამ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6% (რაც სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის მეოთხედია) უნდა მიმართოს განათლების სექტორში. ახალი კორონავირუსის პანდემიამ სამუდამოდ შეცვალა კაპიტალდაბანდებების სამიზნეების შეფასება და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ერთერთი მთავარი კრიტერიუმი საბოლოო ჯამში, იქნება ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების შეფასება: მათი ეფექტიანობა, სიძლიერე და მდგრადობა“, - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე Emerging Europe -ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა