გია ვოლსკი - ეკლესიის მიერ გაჩანაგებული არც ტყე და არც მიწა არ გვინახავს- ტყის კოდექსის კრიტიკის აზრი მხოლოდ ერთია - ეკლესიაზე, სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა

ტყის კოდექსის კრიტიკის აზრი მხოლოდ ერთია - ეკლესიაზე იგივე სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გია ვოლსკის განცხადებით, ტყის კოდექსში ცვლილებებით ეკლესია- მონასტრებისთვის მიწების გადაცემის მხოლოდ იურიდიული ფორმა იცვლება და კანონი მათთვის არანაირი პრივილეგიის მინიჭებას არ ითვალისწინებს.

"დაახლოებით სამი მილიონი ჰექტარიდან, გარკვეული რაოდენობა მიწების - საკმაოდ მცირე აქვთ ეკლესია- მონასტრებს, მაგალითად, ნეკრესის მონასტერს გააჩნია გარკვეული მიწის ნაკვეთი, რომლის არათუ გადაცემა ხდება, არამედ არსებული ფორმა, რითიც ეკლესიის გარშემო მიწა არის მისთვის დამტკიცებული, გადაცემის ფორმის იურიდიული მხარე იცვლება. ასე რომ, ახალი არაფერი ხდება და მეორე, ეკლესიის მიერ გაჩანაგებული არც ტყე და არც მიწა არ გვინახავს. ისეთი ფართობის მიწაზეა საუბარი, რომ შეუძლებელია ეს იყოს დანაკლისი ვთქვათ, სოფლის მეურნეობისთვის ან საზოგადოებისთვის. აქ კრიტიკის აზრი მხოლოდ ერთადერთია - ეკლესიაზე, იგივე სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა, რაც არის ჩვენი ოპონენტების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ეკლესიას ამ კანონით არანაირი პრივილეგია არ ეძლევა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ტყის კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ