გიორგი მიქაუტაძე -  ანა დოლიძე პირდაპირ არღვევს კანონმდებლობას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, კანონდარღვევაა, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრი იწყებს პოლიტიკურ საქმიანობას და ამავდროულად, რჩება საბჭოს წევრად. ამით მიქაუტაძე ანა დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.

როგორც ჟურნლისტებთან საუბრისას მიქაუტაძემ აღნიშნა, ანა დოლიძე არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს და კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.

„ქალბატონი ანა დოლიძე პირდაპირ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს და ასევე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული ის, რომ თუ პირს აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები, მასზე ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. არაერთი შემთხვევა შეგიძლიათ ნახოთ პოლიტიკური პარტიების ან სხვა სუბიექტების მიმართ, რომლებიც არ იყვნენ ოფიციალურად ჯერ დარეგისტრირებული, თუმცა მათ ჰქონდათ აშკარად საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნები და მიიღებოდა გადაწყვეტილებები როგორც სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ, ასევე, სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის შესახებ, რომელსაც ითვალისწინებს სწორედ ეს სპეციალური კანონმდებლობა. დღევანდელი მდგომარეობით, მე ვფიქრობ, რომ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რჩება საბჭოს წევრად და ამავდროულად ის იწყებს და აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც საჯაროდ არის გაცხადებული, როგორც მინიმუმ ჩემს მიერ დასახელებული კანონების მოთხოვნები იღვევა“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირებას, მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით რეაგირება დიდი ხნის წინ მოხდა.

„ჩვენ რეაგირება დიდი ხნის წინ მოვახდინეთ და საჯაროდაც განვაცხადეთ ამის შესახებ, ასევე იყო მიმართვა პრეზიდენტისადმი, რომლის გამწესებულიც არის აღნიშნული არამოსამართლე წევრი. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენ დღეს არ დაგვიყენებია დღის წესრიგში, თუმცა იმ აქტივობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც დიდი ალბათობით პოლიტიკური სარჩულის შემცველია, ამას ყველა ვხედავთ და საჯაროდ გვესმის. თავისუფლად შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ მას აქვს აშკარად გაცხადებული საარჩევნო მიზანი, ასეთი ტერმინი ჩემი მოგონილი არ არის, ეს პირდაპირ წერია კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო