ფადი ასლი პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ „ბიზნესი მთავრობისგან მოელის მხარდაჭერას და არა ჯარიმებსა და სანქციებს“

საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავს, გადახედონ “კოვიდ 19”-თან დაკავშირებით ბიზნესისთვის დაწესებულ მიდგომებსა და რეგულაციებს. ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის წერილშია აღნიშნული.

წერილის ადრესატები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ინვესტორთა საბჭოს საპატიო წევრები არიან.

როგორც პალატის თავმჯდომარე გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, ბიზნესი მთავრობისგან მოელის მხარდაჭერას და არა ჯარიმებსა და სანქციებს.

“გვინდა მადლობა გადაგიხადოთ 22 მაისს ინვესტორთა საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განხილული დეტალური ინფორმაციისათვის. გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი შეხედულება იმ რეგულაციებზე, რომლებსაც თქვენი სამინისტრო ამზადებს ბიზნესისათვის კოვიდ-19 დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ბიზნესის იძულება, რომ აწარმოოს სამედიცინო ჟურნალი, რომლებშიც უნდა აღირიცხოს სამუშაო ადგილზე ყოველდღიურად დეზინფექციის ჩატარების სიხშირე არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი და ღია კარი კორუფციისათვის; ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ ამ ჟურნალის თვითნებურად შევსება და არანაირი ბერკეტი არ არსებობს ჯანდაცვის მესვეურების მხრიდან ინფორმაციის სისწორის შემოწმებისა, ამიტომაც არის ეს დროისა და ენერგიის ფლანგვა და ტიპიური უსარგებლო ბიუროკრატიული დაბრკოლება. მეორე მხრივ, ასევე უსარგებლო მიდგომაა ბიზნესის იძულება შეუმოწმოს მის ყველა თანამშრომელს სხეულის ტემპერატურა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კოვიდ-19 გადამტანი პაციენტების უმრავლესობას არ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და არც სიმპტომიან ბევრ პაციენტს. მესამე, ბიზნესის დაჯარიმება რეგულაციების დარღვევის გამო, რომლებსაც მთავრობა აწესებს არ არის ის, რასაც ბიზნესი მთავრობისგან ელის ეკონომიკური კრიზისის პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგულაციების დიდი ნაწილი თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებს იძლევა. ბიზნესი მთავრობისგან მოელის მხარდაჭერას და არა ჯარიმებსა და სანქციებს. კარგად გვესმის, რომ მთავრობას შეზღუდული ფინანსური რესურსი აქვს და კრიზისიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფს ბიზნესის შესაბამის მხარდაჭერას, მაგრამ ნამდვილად არ გვაქვს მოლოდინი ისედაც კრიზისის პირას მყოფ საწარმოებს დამატებითი ბარიერებით კიდევ უფრო გაურთულოთ ფინანსური მდგომარეობა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარს ვერ დაუჭერს და წაახალისებს პოლიციურ რეგულაციებს; მოლოდინი გვაქვს მთავრობის მხრიდან ამ რთულ პერიოდში პარტნიორობისა და არა ჩაგვრისა. მოლოდინი გვაქვს ასევე, რომ ბიზნესისათვის მთავრობა გასცემს რეკომენდაციებსა და მითითებებს და ცხადია არა რეგულაციებს, რომელთა აღსრულება ჯანდაცვის ინსპექტორების მხრიდან მოხდება ათასობით ლარის ჯარიმებით.

ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ არის პასუხისმგებლიანი, შეუძლიათ დაიცვან რეკომენდაციები და მითითებები პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გარეშე; მთავრობა ვერ იზრუნებს ხალხზე იმაზე მეტად, ვიდრე თავად ხალხი. მოლოდინი გვაქვს, რომ ჯანდაცვის ინსპექტორები ბიზნესს ასწავლიან, დააკვალიანებენ, ურჩევენ და მიმართულებას მისცემენ. ნამდვილად არ ველით ჯანდაცვის ინსპექტორების მხრიდან ბიზნესის ჩაგვრას, დასჯას, ზეწოლასა და დაჯარიმებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ გადახედოთ თქვენს პოლიტიკასა და მიდგომებს და რეგულაციები შეცვალოთ რეკომენდაციებით, სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის ნიშნად იმ სექტორის მიმართ, რომელიც ბოლო სამ თვეში განადგურდა”, - ნათქვამია წერილში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს