ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნენ.

„ეს არის მონაკვეთი ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე, რომელიც დროებით ჩაკეტილი იყო, რადგან მიმდინარეობდა საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა და ასფალტის ბოლო ფენის დაგებისთვის მომზადება. დღეს, უკვე ეს სამუშაოები იწყება. ქუჩებზე, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირს უერთდება, ასფალტის ზედა ფენები მოეწყობა და სამუშაოების ბოლო ეტაპი ამ კონკრეტული მონაკვეთის დასრულება იქნება. მთავარია, ამინდი არ გაფუჭდეს. ზოგადად, ქარიც პრობლემურია, რადგან ჭავჭავაძის გამზირის ბოლო ფენების მოწყობა სპეციალური მოდიფიცირებული ასფალტით მიმდინარეობს. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, ორშაბათიდან ეს მონაკვეთი გაიხსნება. მეორე მონაკვეთი, ატენის ქუჩიდან ავალიშვილის ქუჩამდე იქნება ჩაკეტილი, რადგან იქაც ანალოგიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მთლიანად გამზირის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება. ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება დასრულებულია. ამ დროისთვის, ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის, ტროტუარის მოპირკეთებისა და გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, ატენის ქუჩიდან ავალიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ასფალტის საფარის ბოლო ფენა ეტაპობრივად დაიგება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები. დედაქალაქის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო:ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს