მეუფე შიო - ერის ცხოვრებაში მძიმე მოვლენები ხდება ხოლმე, სნეულებები ან ტრაგედია, ძალიან გვეშინია და ვღელავთ, მაგრამ სახარება გვეუბნება, რომ  ამის შემდეგ ისეთი გამოცდილება მოვიდეს, რომელმაც სულიერი თვალები აგვიხილოს და სწორედ ამიტომ უშვებს ამ განსაცდელს

ადამიანის ცხოვრებაშიც და ერის ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე მძიმე მოვლენები, რომელსაც ჩვენ განსაცდელებს ვუწოდებთ - სნეულებები ან ტრაგედია. ძალიან გვეშინია და ვღელავთ ამის გამო, მაგრამ დღევანდელი სახარება გვეუბნება, რომ განსაცდელის ჟამს და ამის შემდეგ ისეთი გამოცდილება მოვიდეს, რომელმაც ჩვენ სულიერი თვალები აგვიხილოს , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეუფე შიომ იესო ქრისტეს მიერ შობითგან ბრმის განკურნების შესახებ იქადაგა და აღნიშნა, რომ უფალი თავისი სიყვარულით ჩვენ არ გვტოვებს, ჩვენს გულქვაობაში, ჩვენს „კეთილმოწყობაში“ და თითქოსდა სიმშვიდეში, სადაც უღმერთოდ თავს კარგად ვგრძნობთ.

„დღეს არის მე-6 კვირა აღდგომიდან, რომელსაც „შობითგან ბრმის“ კვირა ეწოდება იმიტომ, რომ იკითხება სახარება უფალი იესო ქრისტეს მიერ შობითგან ბრმის განკურნების შესახებ. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს მისი ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

მოკლე სახარებაა, მაგრამ ყველაზე მთავარ კითხვებზე იძლევა პასუხს. აქ არის მოთხრობილი, რომ უფალი იესო ქრისტე თავის მოციქულებთან ერთად შეხვდება ადამიანს, რომელიც არის შობიდან ბრმა. მოციქულები ჰკითხავენ, რატომ მოხდა ასე, მისი ბრალია თუ მისი მშობლების? როგორც ხშირად ხდება, ადამიანები ვერ ხვდებიან, თუ რა არის უფლის ჩანაფიქრი, ღმერთის გეგმები. ხშირად არის, რომ ჩვენი ლოგიკა ამას ვერ სწვდება და ჩვენი ადამიანური აზროვნებით გვინდა ხოლმე ავხსნათ უფლის მოქმედებები. აქაც ასე ხდება. უფალი იესო ქრისტე პასუხობს: არც ამის ბრალია და არც მისი მშობლების, ეს იმიტომ მოხდა, რომ მასზე აღსრულდეს ღმერთის საქმე, რათა გამოცხადდეს საქმე ღვთისა მაგას ზედა. ჩვენ ვფიქრობთ ამაზე, რა არის საქმე ღვთისა? როგორ უნდა გამოცხადდეს ამ ბრმაზე. აქ ასევე ისმის კითხვა რა არის ღმერთის მთავარი საქმე და რა არის ის, რაც ყველაზე მეტს სურს უფალს? ეს არის, რომ ადამიანმა დაინახოს, იხილოს ღმერთი და ემსახუროს მას და სულის გადარჩენის გზაზე დადგეს. ამიტომ ამ შემთხვევაში ღმერთის საქმე ის კი არ იყო, რომ ამას ფიზიკური თვალები აეხილა, არამედ ღმერთის საქმე ის იყო, რომ ფიზიკურ თვალთან ერთად ამ ადამიანს სულიერი თვალებიც აეხილა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თითქოს ის ყველა გარშემომყოფნი ხედავდნენ ფიზიკური თვალებით, მაგრამ სულიერად ვერ ხედავდნენ. უფლისთვის მთავარია, რომ ჩვენ თვალი აგვეხილოს, შინაგანი ხედვა გვქონდეს და დავინახოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამ ადამიანს ეხილება თვალი, ღმერთი ხედავს მის სიმდაბლეს. როგორც ჩანს, მას დასჭირდა ამ ეკლიანი გზის გავლა, რომ მისულიყო ამ სარწმუნოებამდე, ასეთ სიმდაბლემდე, ასეთ მორჩილებამდე. ეს არის ღვთის საქმე.

ჩვენ ამასთან ერთად ვფიქრობთ იმას, რომ ადამიანის ცხოვრებაშიც და ერის ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე მძიმე მოვლენები, რომელსაც ჩვენ განსაცდელებს ვუწოდებთ - სნეულებები ან ტრაგედია. რა თქმა უნდა, ძალიან გვეშინია და ვღელავთ ამის გამო, მაგრამ დღევანდელი სახარება გვეუბნება, რომ განსაცდელის ჟამს და ამის შემდეგ ისეთი გამოცდილება მოვიდეს, რომელმაც ჩვენ სულიერი თვალები აგვიხილოს და სწორედ ამიტომ უშვებს ამ განსაცდელს. მგონი, ჩვენს პირად ცხოვრებაშიც გვქონია ასე ძალიან ხშირად. უფალი თავისი სიყვარულით ჩვენ არ გვტოვებს, ჩვენს გულქვაობაში, ჩვენს „კეთილმოწყობაში“ და თითქოსდა სიმშვიდეში, სადაც კარგად ვგრძნობთ უღმერთოდ თავს, ამაში დაგვტოვოს. თუკი ხედავს, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ აქედან გამოვიდეთ და ღმერთთან მივიდეთ, ამიტომ უშვებს ამ განსაცდელებს, ამ გზით მაინც მივიდეთ ღმერთთან. თუ ჩვენ არ გვაქვს უნარი, რომ გრილი სიოს სახით შევიგრძნოთ ღმერთი, არ გვაქვს უნარი რომ ვმადლობდეთ და რწმენა გამოვხატოთ, მაშინ უფალი ცოტა უფრო სხვა გზებით ცდილობს მასთან ჩვენს დაახლოებას. ბევრ რამეზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, ალბათ უფრო ჩვენს სულიერ სიბრმავეზე. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ აგვეხილოს თვალი რომ ვიხილოთ ჭეშმარიტი ნათელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე“, - განაცხადა მეუფე შიომ.

იხილეთ ვიდეო: სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ აღავლინა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს