საია შეზღუდვებთან დაკავშირებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც საია-ს სამართლებრივი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარლამენტმა უფლებამოსილებების მთავრობისადმი დელეგირება ისე მოახდინა, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად ისინი, აღნიშნული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

„ჩვენ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც პარლამენტმა სამი მოსმენით კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ძირითადი არგუმენტები ჩვენს სარჩელში შეეხება იმას, რომ საქართველოს პარლამენტს კონსტიტუცია არ ანიჭებდა უფლებამოსილებას, ის უფლებები, რაც პარლამენტისთვის არის განსაზღვრული, მაგალითისთვის შრომის უფლების შეზღუდვა ან მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა, გადაეცა მთავრობისთვის, ამიტომ ჩვენ ამ დელეგირების ნაწილს ვასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტმა უფლებამოსილებების მთავრობისადმი დელეგირება ისე მოახდინა, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეუძლია. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით (81 მომხრე) მხარი გასულ კვირას დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებები მესამე მოსმენით, ინიცირებული ვარიანტისგან განსხვავებულად დამტკიცდა. უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის ინიცირებულ ვარიანტში არ იყო მითითებული, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საკარანტინო ღონისძიებების, მათ შორის გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დროებით და არა - უვადოდ.

მესამე მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში კი გაიწერა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლებელი იქნება 2020 წლის 15 ივლისამდე.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა შეხება ან შესაძლოა ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად კი საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, კანონპროექტის 453 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, უფლების შეზღუდვა უნდა იყოს: საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული; კანონით ან/და სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული; დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი; არადისკრიმინაციული; პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.

„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა