ეკა ბესელია პენსიონერებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანისას დაწესებული ბაჟის გადასახადის მოხსნის ინიციატივით გამოდის

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პენსიონერებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის დაწესებული ბაჟის გადასახადის მოხსნის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული კანონპროექტით ეკა ბესელია პარლამენტს მიმართავს და უმრავლესობას მოუწოდებს მას მხარი დაუჭიროს. მისივე განმარტებით, პენსიონერებისთვის სამართლებრივი დახმარების მიღების ბარიერი შესაძლოა, აღმოჩნდეს სწორედ ეს ბაჟი, რომელიც სასამართლოს ყველა ინსტანციის შემთხვევაშია დაწესებული და რომლის რაოდენობაც, ყოველი შემდგომი ინსტანციისთვის მიმართვის შემთხვევაში იზრდება.

„ეს არის ახალი კანონპროექტი, რომელიც ეხება ყველა პენსიონერისთვის ახალი შეღავათის დაწესებას. ეს არის გათავისუფლება ბაჟისგან, როდესაც მათ დასჭირდებათ სასამართლოში მიმართვა. რა არის ამ ინიციატივის მთავარი მოტივაცია? პირველი ის, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალია სიღარიბის დონე და სიღარიბის მაჩვენებელი არის ისეთ ნიშნულთან, რომელიც გვაიძულებს, დავფიქრდეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა ყველაზე მეტად უჭირს. ამ ყველაფრის დამძიმების განმაპირობებელი არის ასევე, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი. კოვიდ -19 -ის ახალმა გამოწვევამ შესაძლოა, წარმოქმნას ახალი ტიპის სამართლებრივი პრობლემები, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის აუცილებელი სამართლებრივი დახმარების მიღების საჭიროებას. აქ შეიძლება დამაბრკოლებელი გარემოება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან პენსიონრები, რომ მათ ვერც კი მიმართონ სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად, რადგან არსებობს ბაჟი, როგორც წინაპირობა, რომელიც აუცილებელია სარჩელის შეტანის დროს ყველა ინსტანციის სასამართლოში და ყველა შემდგომ ინსტანციაში ბაჟის ოდენობა იზრდება. ამიტომ ინიციატივა, რომლითაც პარლამენტს მივმართავ კონკრეტული კანონპროექტით არის ის, რომ ბაჟის შესახებ კანონში, სადაც არის ჩამონათვალი, შეღავათები ვისზე შეიძლება გავრცელდეს და არ გვყავს ამ ჩამონათვალში პენსიონრები, ყველა პენსიონერზე გავრცელდეს ეს გამონაკლისი და ყველა მათგანი ყველა ტიპის სარჩელის შეტანის დროს გათავისუფლდეს ბაჟის გადახდისგან. ეს იქნება ერთი ჰუმანური სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა, რომ კონსტიტუციური უფლება, როგორიც არის ყველა ჩვენმა მოქალაქემ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, არსებობდეს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს