თენგიზ ფხალაძე - ელჩის უკრაინაში არ დაბრუნება იქნება ძალიან არასწორი და წინდაუხედავი ნაბიჯი

ელჩის უკრაინაში არ დაბრუნება იქნება ძალიან არასწორი და წინდაუხედავი ნაბიჯი, - ასე შეაფასა საერთაშორისო საკითხებში ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღი უკრაინის გაცხადებულ პოზიციაზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, ძალიან არასწორია ის მიმართულება, რომლითაც საქართველო მიდის.

„ეს ურთიერთობები იმდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის გრძელვადიანი სასიცოცხლო ინტერესებისთვის, რომ ცოტა მეტი დაფიქრება სჭირდებათ და არ მგონია, რომ ასეთი საჯარო დემარშებით წყდებოდეს პრობლემა მეგობარ სახელმწიფოსთან. დიპლომატია ყოველთვის არ მოითხოვს ხმამაღალ განცხადებებს და არსებობს სხვა რაღაცები, რომლის გამოყენებაც უფრო აქტიურად უნდა მოხდეს. სტრატრეგიული პარტნიორები და მეგობრები იმიტომაც არიან მეგობრები, რომ მათ შორის ნებისმიერი გაუგებრობა, რთული საკითხი და ა.შ. სხვა ფორმით შეიძლება იქნას განხილული და გადაწყვეტილი. არ მგონია რომ ეს არის საუკეთესო და სწორი ფორმა ამ ურთიერთობებში," - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი და პირველმა ვინ დააშავა, ამაზე საუბარი უკვე სერიოზული შეცდომაა.

„ურთიერთობების გაფუჭება ძალიან ადვილია, ამის აშენება და შექმნა არის ძალიან რთული. ელჩის უკრაინაში არ დაბრუნება იქნება ძალიან არასწორი და ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯი. ემოცია არ არის კარგი მეგობარი. ასეთი გადაწყვეტილება არ შეიძლება მიიღონ ემოციის ფონზე. არ არის ეს ფორმა საუკეთესო ფორმა ურთიერთობისთვის. არ ვაპირებ ტყუილ - მართალის გარჩევას. ჩვენ თუ ამ სიბრტყეში გადავიყვანთ ურთიერთობებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ შეცდომა არის დაშვებული. საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები ისეთნაირად ვითარდებოდა და მიმდინარეობდა, რომ ასეთ სიბრტყეში არ უნდა გადავიდეს. ძალიან ბევრი რამაა ჩვენსა და უკრაინის სასიცოცხლო ინტერესებში დამთხვევა და ჩვენი მოწინააღმდეგეები უპირველეს ყოვლისა ცდილობენ, რომ სწორედ ამ ურთიერთობაში შეიტანონ ბზარი და ის ერთიანი პოზიცია, რომელიც გააძლიერებს საქართველოსაც და უკრაინასაც, ამ პოზიციების გაერთიანება არ მოხდეს, მათ შორის იყოს დაპირისპირება. თუ ამ მიმართულებით წავალთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ვყვებით სხვას იმ თამაშში, რომელიც ჩვენს საწინააღმდეგოდ არის დაგეგმილი," - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, საგარეო უწყებამ დღეს უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან პირველი შეხვედრა გამართა.

"დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს