სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, ზოგიერთმა სალონმა მომსახურება დაახლოებით 10-15%-ით გააძვირა

სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თამარ შარაშენიძის განცხადებით, გაძვირდა პროდუქცია, რომელსაც სილამაზის სალონებში იყენებდნენ. მან „ინტერპრესნიუსთან“ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ სალონების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა სალონმა მომსახურება დაახლოებით 10-15%-ით გააძვირა.

„რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ვეცნობი და გამოკითხვას ვატარებ, რა მოლოდინიც იყო, გამართლდა, თუნდაც მომხმარებელთა რაოდენობასთან მიმართებით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და მოქალაქეები რეკომენდაციებს იცავენ. გარკვეუწილად პროდუქცია გაძვირდა, ზოგმა ბრენდმა გააძვირა და ზოგმა-არა, თუმცა ნამდვილად გაძვირდა ის პროდუქცია, რომელსაც სალონებში იყენებდნენ. გააჩნია, რომელი ბრენდით სარგებლობდნენ. წინასწარ ვერ პროგნოზირებენ, რამდენად გაძვირდება“,-აცხადებს შარაშენიძე.

მისი განმარტებით, ეს ეხება ყველა სხვა სახის პროდუქციას.

„ზოგიერთმა სალონმა მომსახურება გააძვირა, თუმცა ნაწილმა არა და ძველი ტარიფი შენარჩუნდა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მარკეტინგი აქვს სალონს. იმის მიხედვით ჩამოყალიბდნენ აღნიშნულ საკითხზე, თუ როგორი ტიპის მომხმარებელი ჰყავთ, რა ღირდა მანამდე მომსახურება და ა.შ. ზოგიერთმა სალონმა მომსახურება დაახლოებით 10-15 პროცენტით გააძვირა“,-აღნიშნავს შარაშენიძე.

მისი თქმით, მოქალაქეები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკითხს და დადგენილ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

„მოქალაქეები ითვალისწინებენ რეკომენდაციებს. ისინი ყველაფერს შეგნებით შეხვდნენ. ალბათ, მომხმარებლები მზად ვიყავით, რადგან მანამდეც ვიცავდით რეკომენდაციებს, თუნდაც აფთიაქში, მარკეტში შესვლისას. ასე თუ ისე მიჩვეული ვიყავით და ეს სიახლე არ ყოფილა. ზოგიერთი ადამიანი რეკავს კიდეც, თუ სადღაც დარღვევა არის და მიუთითებენ, რომ რეკომენდაციები დაიცვან“,-აცხადებს თამარ შარაშენიძე.

მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ გარკვეული რეკომენდაციები შემუშავდეს და სილამაზის სალონების მომსახურება მეტად ხარისხიანი გახდეს. „ვიმედოვნებთ, მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დადებითად შეიცვლება. თუმცა, საქართველოს სალონების ფედერაცია სამუშაო ჯგუფთან და ფედერაციის წევრებთან მუშაობს, რომ გარკვეული რეკომენდაციები შემუშავდეს, რაც COVID 19-ს არ უკავშირდება. გარკვეულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალებია დასაზუსტებელი. ძალიან მახარებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები მზად არიან და შეგვიძლია, აღნიშნულ საკითხებს კიდევ ჩავუღრმავდეთ და ვისაუბროთ. მომავალში, გვაქვს გარკვეული გეგმა, რომ სილამაზის სალონების მომსახურების სტანდარტმა აიწიოს და მომსახურება უფრო მეტად ხარისხიანი გახდეს“,-აცხადებს შარაშენიძე.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნა, თუმცა მათ მუშაობა სპეციალური რეკომენდაციების და გაიდლაინების გათვალისწინებით უწევთ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს