პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შესაძლოა, 9-დან 3-მდე შემცირდეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შესაძლოა, 9-დან 3-მდე შემცირდეს. ამის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტშია აღნიშნული.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კვლავ პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევა. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოადგილეს, ერთი მათგანი აირჩევა საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, ხოლო მეორე - ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციის წარდგინებით, რომელშიც ყველაზე მეტი წევრია გაერთიანებული. თუკი ოპოზიციურ ფრაქციებში წევრების თანაბარი რაოდენობა იქნება, მაშინ უპირატესობა მიენიჭება ფრაქციას, რომლის პარტიამაც არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.

გარდა ამისა, შესაძლოა, შეიცვალოს საპარლამენტო თანამდებობის კლასიფიკაციაც. რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღარ წარმოადგენს საპარლამენტო თანამდებობას, ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ვინაიდან საპარლამენტო უმცირესობა უქმდება. საპარლამენტო თანამდებობას აღარ წარმოადგენს ასევე დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეობა. რაც შეეხება ახალ საპარლამენტო თანამდებობებს, ესენია: ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე (არსებობის შემთხვევაში).

ფრაქციის თავმჯდომარის ანაზღაურება, ნაცვლად 5470 ლარისა განისაზღვრება 5540 ლარით, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მსგავსად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა, გასამრჯელო განესაზღვრება 4800 ლარის ოდენობით.

ცვლილებების პროექტის ინიცირება 27 მაისის ბიუროს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ავტორებმა კანონპროექტი უკან გაიწვიეს და განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის ახალი ვერსიის ინიცირებას მოახდენენ. პარლამენტში ამბობენ, რომ კანონპროექტი დაკორექტირდება, თუმცა ძირითადი შინაარსი შენარჩუნდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო