ირაკლი აბესაძე პრემიერს - ძალიან ცოტა ისაუბრეთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე და როგორც ჩანს, გიჭირთ თავგასული ბიუროკრატიის მოთოკვა

ისაუბრეთ ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის დაწესებულ მთელ რიგ შეზღუდვებზე, თუმცა ძალიან ცოტა ისაუბრეთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე და როგორც ჩანს, კიდევ გიჭირთ მართლაც თავგასული ბიუროკრატიის მოთოკვა,-ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ირაკლი აბესაძემ პრემიერს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესახებ და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ხარჯების 5%-იანი ეკონომია მინიმალურია.

„ბატონო გიორგი, ძალიან მძიმე ფერებში დახატეთ ახლო მომავალი და მართლაც, კრიზისი ძალიან მძიმეა, ამას ჩვენც კარგად ვხვდებით. ისაუბრეთ ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის დაწესებულ მთელ რიგ შეზღუდვებზე, თუმცა ძალიან ცოტა ისაუბრეთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე და როგორც ჩანს, კიდევ გიჭირთ მართლაც თავგასული ბიუროკრატიის მოთოკვა. განაცხადეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ 600 მილიონი ლარით შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები , რა თქმა უნდა , ესაა მინიმალური დანაზოგი, რომელიც ნებისმიერ არაკრიზისულ პერიოდშიც კი შეეძლო მთავრობას გაეკეთებინა. პირველი შეკითხვა, შეიზღუდება თუ არა თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების და ააიპ-ების ბიუჯეტები, რომლებიც 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტ შემოსავალს იღებენ და როგორი ბიუროკრატიული ფლანგვა მიმდინარეობს ამ ორგანიზაციებში ყველამ კარგად ვიცით. მეორე, რამდენად საკმარისია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 300 მილიონ ლარიანი შემცირება, როდესაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნიდან ვიღებთ რომ, შარშან 300 მილიონი ლარის ვალით აღებული ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ შეასრულეთ, 11 მათგანში ნულოვანი შესრულება გქონდათ. რაც შეეხება 300 მილიონით მიმდინარე ხარჯების შემცირებას, ეს დღეს თქვენი გამოსვლის შემდეგ პერიოდს ეხება თუ კრიზისის დაწყებისთანავე გაეცით ეს განკარგულება? მე მაინტერესებს გაგრძელდება თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზის მშენებლობა 1 მილიონ 700 ათას ლარად, კვლავ იყიდის თუ არა თავდაცვის სამინისტრო ჩოხებს და საათებს, გავცემთ თუ არა პრემიებს დამსახურების გარეშე, თბილისის მერმა მოახერხა და მარტში უკვე არაფუნქციონირებად ორგანიზაციებში 2 მილიონ ლარზე მეტი ჯილდო გაიცა,“-აღნიშა ირაკლი აბესაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა