ზაზა გაბუნია ოპოზიციას - თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს

ზოგიერთმა ოპოზიციონერმა რამდენიმე დიდი მწერლის ციტატა მოიყვანა თავის პოზიციის განმტკიცებისთვის, მაგრამ არაფერი ისე არ უხდება ოპოზიციის დიდი ნაწილის დღევანდელ გამოსვლებს, როგორც თომას მანის სიტყვები „დოქტორ ფაუსტუსიდან“, რომ „არსებობს ხალხი, ვისაც ხმა არ ამოეღება თავისუფლებაზე და ჰუმანურობაზე. ჰიგიენური თვალსაზრისით მათ თავი უნდა დაანებონ ამაზე ქაქანს“,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

“ეს არის მისი ციტატა და დიახ, თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს. ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდით, რომ არ გახსოვთ, რა ჩაიდინეთ 2016 წლის 26 მაისს, უნდა შეეშვათ, რადგან ეს თქვენი პოლიტიკური ილეთები უკვე ყავლგასულია და არაფერზე აღარ მეტყველებს და აღარ საუბრობს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციისგან ისმის პოპულისტური გამოსვლები და უსაგნო კრიტიკა.

„რა ისმის ასეთ დროს თქვენგან? პოლიტიკური ენიგმა, დიადი და უპრეცედენტო შეთავაზებების სახით, რა თქმა უნდა, პოპულისტული, რომ ბევრი ფული უნდა იქნას გაცემული დახმარების სახით, მაგრამ არ ვიცით საიდან. ეს არის თქვენი პათოსი. რა ლოგიკაზეა საუბარი, როდესაც მთელი კვირაა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე მარჩიელობდით. მე არ ვიცი, არ მესმის ამ ხალხს, ოპოზიციის ამ ნაწილს რა ადეკვატურობაზე უნდა ველაპარაკოთ. ესაა სრულიად უსაგნო კრიტიკა და ეს ხდება სურათის გაბუნდოვანებისთვის და სოლიდური დისკუსიის შესაძლებლობის მოსპობისთვის, თორემ მაშინ ამგვარად არ უნდა წარემართა ოპოზიციას აქ დისკუსია და ასე არ უნდა ელაპარაკა, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითზე, როგორიც არის ეკონომიკა. რადგან ისეთი ქვეყნებისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას განაპირობებს ისეთივე ეკონომიკური საქმიანობა, როგორიც ეს საქართველოს შემთხვევაშია, რა თქმა უნდა, კოვიდ-19-მა მოახდინა თავისი გავლენა და არა თუ ჩვენი ეკონომიკის მსგავს ქვეყნებზე, შტატებშიც კი უმუშევრობამ 1930 წლის შემდეგ მიაღწია ყველაზე მაღალ 14 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პანდემიას იქ ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ქონდა „დიდი დეპრესიის“ დროს. და რას აკრიტიკებს ოპოზიცია არ მესმის ჩვენი გადაწყვეტილებების შემთხვევაში. იმდენად უსაგნო იყო კრიტიკა, რომ ვერ გავიგე რა იყო ის, რასაც გვთავაზობენ“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, სოციალური პოლიტიკის და ანტიკრიზისული პოლიტიკის არსებული მასშტაბი, მისასალმებელია და ამასთან ერთად, უნდა მოხდეს მისი ზრდა, რაზეც მთავრობას ექნება სამუშაო. ზაზა გაბუნიას შეფასებით, მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაო არის ეფექტური, სწრაფი, დროული და შესაძლებლობების მაქსიმუმი.

„პროაქტიური, და ეფექტური, პროგნოზირებადი, სწრაფი და დროული, შესაძლებლობების მაქსიმუმი. ეს ის სიტყვებია, რომელიც არის ასოციაციური შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით და ვისაც სურს ეს სამუშაო დაინახოს, ის დაინახავს კიდეც, რადგან შესრულებული სამუშაო არის ჩვენს წინაშე“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს