ირაკლი აბესაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გააყალბა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გააყალბა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრემიერმა პარლამენტში განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევით საქართველო ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, სინამდვილეში კი ასეთი რეიტინიგი საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გააჩნია.

„სამწუხაროა, რომ უმძიმესი ეკონომიკური კრიზის ფონზე, რომელიც, ფაქტობრივად, ქართული ოჯახების უმრავლესობას შეეხო, ეს კრიზისი, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ თავგასულ ბიუროკრატიას არ შეეხება. უფრო მეტიც, პრემიერი მათ დასაცავად საქართველოს პარლამენტში ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას აყალბებს, ისევე როგორც მანამდე მითი არგონავტების შესახებ გააყალბა. პრემიერმა, როდესაც ბიუროკრატიული ხარჯების დრამატული შემცირება მოვთხოვეთ იმისთვის, რომ ადამიანებს ნორმალური დახმარება გავუწიოთ, განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევით ჩვენ ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ. ეს არის ტყუილი. ასეთი რეიტინიგი საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გააჩნია. მათ აქვთ ინფორმაცია ხელფასების სახით გაცემულ თანხებზე, რაშიც არ შედის სამივლინებო ხარჯები, რბილი ავეჯის ხარჯები, ავტომობილის, ბენზინის, სატელეფონო და ა.შ. ამითაც კი ჩვენ მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ. პრემიერმა ერთი ფორმალური ტყუილი თქვა, თუმცა, მეორე მხრივ, ეს საკითხი მთლიანად შინაარსობრივად არსებული ფაქტების გაყალბება და ტყუილია იმიტომ, რომ ამ სახელფასო ფონდში ბიუჯეტიდან გადახდილი თანხები იგულისხმება. ჯამურად 800 მილიონი ლარის სახელფასო ფონდის შესახებ ინფორმაცია პრემიერმა დაფარა და საზოგადოებას ნორმალურად არ აუხსნა, რას გულისხმობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეს კვლევა“,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს პრემიერს, რომ თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რაც დღეს ბიუროკრატიის მიმართულებით არის ქვეყანაში, მნიშვნელოვნად შეამციროს ეს ხარჯები და მოხმარდეს გადასახადების შემცირებას ბიზნესისთვის და თითოეული ოჯახისთვის ნორმალური ადამიანური დახმარების გაწევას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა