ტარიელ კაკაბაძე - ერთ-ერთ დაზარალებულთან ფარული ჩანაწერის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებით, ნაფიცი მსაჯულები მერაბ კობიაშვილის გამართლებას შეძლებენ

გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ერთ-ერთ დაზარალებულთან ნაწარმოები ფარული ჩანაწერის საფუძველზე, ნაფიცი მსაჯულები კობიაშვილის მიმართ გამამართლებელი ვერდიქტის გამოტანას შეძლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კაკაბაძე აცხადებს, ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ერთ-ერთ დაზარალებულთან, დავით სეთურიძესთან ფარული ჩაწერა ეწარმოებინათ, რომელიც სასამართლომ საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო. ადვოკატის თქმითვე, აღნიშნული პირი ფარულ ჩანაწერში ახლობლებს მომხდარის დეტალებს უყვება.

„ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გარკვეული პირები უცხოელ ტურისტებს სცემდნენ, მათ სხვადახვა დაზიანებას აყენებდნენ. როცა მერაბ კობიაშვილმა ეს დაინახა, ტურისტებს გამოესარჩლა და იმ პირებს მათ ცემაში ხელი შეუშალა. ნებისმიერი ვაჟკაცი და ღირსეული ადამიანი ასე მოიქცეოდა. რა თქმა უნდა, ამას მერაბ კობიაშვილის მიმართ აგრესია მოჰყვა. ფარული ჩანაწერით დასტურდება, რომ ბრალდების მხარის პოზიცია, თითქოს, ეს ყველაფერი ჩვენი მოგონილია, არასწორია, ვინაიდან დაზარალებული ფარულ ჩანაწერებში თავად ჰყვება, რომ ერთი კვირით ადრე, უცხოელებთან ჩხუბი მოუვიდა, რა დროსაც მერაბი ჩაერია და რომ მის ცემასაც აპირებდნენ.

ასევე დასტურდება, რომ იყო გარკვეული ჯგუფი, რომელიც სხვა ჯგუფებს შეურაცხყოფას აყენებდა, ამასთან დაკავშირებით, დაზარალებული პირდაპირ საუბრობს. დასტურდება ის გარემოებაც, რომ დაჭრილ მდგომარეობაში მყოფ მერაბ კობიაშვილს სცემდნენ და ცდილობდნენ, რომ მისთვის იარაღი წაერთმიათ. აღნიშნულით დგინდება, რომ მერაბ კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა, ეს ვიდეოჩანაწერებშიც კარგად ჩანს, მაგრამ სასიხარულოა, რომ ამას ფარულ ჩანაწერში დაზარალებულის ნათქვამი ადასტურდებს. ასევე, დაზრალებული, რომელმაც მიიღო დაზიანება, ამბობს, რომ მას შემთხვევით მოხვდა ტყვია, ამით ჩვენი პოზიცია დასტურდება, რომ იარაღზე ჯაჯგური მიმდინარეობდა და ცდილობდნენ წაქცეული კობიაშვილისთვის იარაღის წართმევას - სწორედ ამ დროს მოხდა შემთხვევითი გასროლა“, - აცხადებს კაკაბაძე.

მისივე განმარტებით, ეს იქნება ერთ-ერთი მარტივი საქმე, სადაც სრულიად უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის გამართლებას შეძლებს.

„ჩემი მიზანი დაზარალებულის შეურაცხყოფა არ არის, პირიქით, გულისტიკვილს გამოვხატავ ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თუმცა, ფაქტია, რომ მერაბ კობიაშვილი მოიქცა ღირსეულად, როცა უცხოელ ტურისტებს გამოესარჩლა და სწორედ ამის გამო დაიწყო კონფლიქტი დ.ს.-სთან, რომელთანაც ფარული ჩანაწერია ნაწარმოები.

ფარული ჩანაწერით დასტურდება, რომ ის პოზიცია, რომელსაც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, ამდენი ხნის განმავლობაში აჟღერებდა, რეალობას არ შეესაბამება. ხოლო ჩვენი ყველა ნათქვამი, რომელსაც პირველივე დღიდან ვაჟღერებდით, უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა. ფარული ჩანაწერი არის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ბრალდების მხარის მოწმეების სანდოობა შევაფასოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ნაფიცი მსაჯულები ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებამდე მივლენ და ეს იქნება მერაბ კობიაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მარტივი საქმე, სადაც სრულიად უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის გამართლებას შევძლებთ“, - აცხადებს კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ცნობისთვის, შემდეგი სასამართლო სხდომა 15 ივნისს, 11:30 საათზე, გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა